დავით ვერავა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენს რეგიონში უკვე ჩავატარეთ 250-ზე მეტი სოფლის კრება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ინჩხურისა და ონტოფოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივებს პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო. დავით ვერავას განცხადებით, რეგიონის სოფლების უმეტესობაში საერთო კრებები და კონსულტაციები უკვე ჩატარდა და პრიორიტეტებიც შეირჩა:
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენს რეგიონში უკვე ჩავატარეთ 250-ზე მეტი სოფლის კრება და კონსულტაცია, სადაც მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტები. პროგრამის ბიუჯეტი ჩვენს რეგიონში 7 მილიონ ლარამდეა. ეს არის კარგი შესაძლებლობა არამხოლოდ ამ პროექტისთვის არამედ სხვა საჭიროებების გამოსავლენადაც“, – განაცხადა დავით ვერავამ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივების მიერ პრიორიტეტად დასახელებული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.
თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.