ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა გადაიდო
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გადაიდო,- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
წყაროების ცნობით, შეხვედრა დროებით გადაიდო და სამუდამოდ არ გაუქმებულა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ბოლო მომენტში მიიღეს, რადგან რამდენიმე უკრაინელი ჟურნალისტი შეხვედრის ადგილასაც კი შეუშვეს.
უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა შეხვედრის გადადების მიზეზად დაასახელა, რომ აშშ-ს დრო სჭირდება პარტნიორობის მემორანდუმის პროექტზე სამუშაოდ, რომელიც უკრაინამ დაასრულა და ამერიკელებს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა.