მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ ადრე დაიწყო აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც ახლა ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები
ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ არ დაგვეშვა დონორების მხრიდან საქართველოში არასტაბილურობის მიღწევა და საკმაოდ ადრე დავიწყეთ აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც ახლა ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პასუხად ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ USAID-ის კორუმპირებულ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხებოდა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში მიანიშნებდა, რომ დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ ბმაში იყვნენ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან და მათ მიერ გამოყოფილი თანხები პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ქმედებები შეიძლება ასევე აღქმული იყოს, როგორც არჩევნებში ჩარევა და საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენა.
„საკმაოდ მტკივნეული იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პროცესებთან გვქონდა საქმე, რას ებრძოდა და რისთვის იბრძოდა საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები აღნიშნული გავლენების გასანეიტრალებლად, რისთვისაც სამართლებრივ გზას უნდა მიმართოს.
„იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას არ შეექმნას საფრთხე, ერთადერთი საშუალებაა საკანონმდებლო გზით სიარული. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად განვითარდეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.