ირაკლი ზარქუა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: გვახსოვს, როგორ მოგვიწოდებდა თქვენი ლიდერი სანქცირებისკენ, თავის ქმარს კი რუსეთში ბიზნესი ჰქონდა გაჩაღებული
“არ გვაინტერესებს თქვენ რას იტყვით”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ესტონეთის სახელმწიფო საქართველოს არჩევანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამორჩეულია.
“ბატონი ცაჰკნა, რომელიც წარმოადგენს ესტონეთის სახელმწიფოს გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის არჩევანის წინააღმდეგ. ეტყობა, დიდი დაკვეთა აქვს ამ ვაჟბატონს. თურმე, მოგვიწოდებს, რომ არ გადავუხვიოთ გზას. ბატონო ცაჰკნა, გზიდან არ გადაგვიხვევია, ჩვენ მშვიდობა ავირჩიეთ და ღირსებით ევროინტეგრაცია. მაგრამ ერთ რჩევას მოგცემდით, გვახსოვს, თქვენი ლიდერი, ქალბატონი კალასი როცა იყო პრემიერ-მინისტრი, ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებდა, ხოლო მის ქმარს რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესი ჰქონდა გაჩაღებული. როცა ჰკითხეს ამის შესახებ, თქვა, რომ ქმარი დამოუკიდებელია და აქვს უფლება, ბიზნესი აწარმოოს და მე პოლიტიკაში ვარო. ამ ღირებულებების მორალის კაცი ხარ შენ და შენი დანარჩენი ლიდერებიც. არ გვაინტერესებს, თქვენ რას იტყვით, არც ის გვაინტერესებს, როგორ ფინანსდებით, არც ის გაგვიკვირდება, იმ USAID-ის პროექტებში თქვენც აღმოჩნდეთ. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას ღირსებით, მშვიდობით ევროინტეგრაციისკენ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. მანამდე, განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და ახალ სანქციებზე.