მაკა ბოჭორიშვილი: „ეს არის ევროპარლამენტის მხრიდან გადაგდებული კიდევ ერთი მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის, რათა რაღაცაზე დაფუძნებით შექმნან დღის წესრიგი ქართულ მედიასაშუალებებში”
„ეს იქნება ევროპარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ერთგვარ ინსტრუმენტად ოპოზიციისთვის. მეტი დანიშნულება ამ რეზოლუციას არ აქვს. ეს არის ევროპარლამენტის მხრიდან გადაგდებული კიდევ ერთი მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის, რათა რაღაცაზე დაფუძნებით შექმნან დღის წესრიგი ქართულ მედიასაშუალებებში”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელზე კენჭისყრაც 2025 წლის 13 თებერვალს არის დაგეგმილი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
„ზოგადად, ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან ის შეტევები, რომლებიც საქართველოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ხორციელდება, ახალი აღარ არის. მათ მიერ გაჟღერებული პოზიციები აბსოლუტურად შეუსაბამოა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებისთვის, რომლებიც უნდა ჯდებოდეს საერთაშორისო ნორმების სტანდარტებში. ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და გვესმის განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და მისი იმიჯის დისკრედიტაციისკენ საერთაშორისო არენაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრების ხელით”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.