„არსებული ბიუჯეტით დიასპორებთან ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აღნიშნული მიმართულებით არსებულ ბიუჯეტს აკრიტიკებს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საგარეო მიმართულებების ბიუჯეტით საქმის გაკეთება და დიასპორებთან ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია.
„როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე დიასპორების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით უკმარობის გრძნობა გვაქვს“,- აღნიშნული განცხადება ზვიად კვაჭანტირაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კვაჭანტირაძემ პარალელები ამავე სტრუქტურის მეზობელი ქვეყნების ბიუჯეტთან გაავლო და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს 500-ჯერ მეტი დაფინანსება აქვს: „საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე დიასპორების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით უკმარობის გრძნობა გვაქვს. სულ რაღაც 100 000 ლარით იგეგმება დიასპორების მინისტრის აპარატის ბიუჯეტის გაზრდა, რაც ზღვაში წვეთია. მაგალითად, აზერბაიჯანში სტრუქტურას, რომელიც დიასპორებთან ურთიერთობს, 500 -ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს და ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ცოტათი ნაკლები აქვთ სომხეთში. ჩვენთან კი პრაქტიკულად სიმბოლური თანხაა, რომლითაც დიასპორებთან ურთიერთობების წარმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. იგივეს ვიტყოდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ მთელი რიგი პრობლემები აწუხებთ.
„თანხები საჭიროა როგორც საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის, ისე დიპლომატების ყოფითი პრობლემებისა და ხანგრძლივი მივლინებების დასაფინანსებლად“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ. შეგახსენებთ, რომ სამინისტროებმა ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვეს. მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 100 მილიონით. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მოთხოვნის მიუხედავად დაფინანსება ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები