კახა კალაძე „თბილისი ენერჯის“ შესახებ: მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება

ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა, – განაცხადა თბილისის მერმა მედიასთან „თბილისი ენერჯის“ ქსელში მომხდარი დაზიანების საკითხზე საუბრისას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.

„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ.

დღეს, ჩვენ მოვისმინეთ „თბილისი ენერჯის“ განცხადება, რომ პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც მქონდა. ბუნებრივი აირის მომხმარებლის დონეზე გაშვება შესაბამისი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები