თინათინ რუხაძე კონსერვატორიაში საგუნდო მუსიკის კონცერტს დაესწრო
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ საგუნდო მუსიკის კონცერტს დაესწრო, რომელიც კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების კათედრის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა, – ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„თინათინ რუხაძემ საგუნდო კათედრას საიუბილეო თარიღი მიულოცა და თბილისის ქალთა გუნდს, კულტურის სამინისტროს სახელით, ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისის ქალთა გუნდი, რომელსაც ომარ ბურდული ხელმძღვანელობს, მიმდინარე წელს კულტურის სამინისტროდან სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს.
კონცერტზე თბილისის გოგონათა გუნდმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ახალგაზრდულმა კაპელამ და თბილისის ქალთა გუნდმა ქართული საგუნდო მუსიკის ნიმუშები და დასავლეთევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს.
საგუნდო მუსიკის კონცერტზე ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელის დებიუტი შედგა.
საღამოს უძღვებოდა კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ეროვნული სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი ომარ ბურდული“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.