გიორგი გაბუნია ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი – საქართველოს ხელისუფლებასთან ორმაგი სტანდარტებით ურთიერთობა არავის გამოუვა
გიორგი გაბუნია „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება არის ნათელი დადასტურება უსამართლო და არათანმიმდევრული პოლიტიკის ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. როცა კონკრეტულ საკითხებში დასჭირდებათ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა, მაშინ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ვართ, ხან კიდევ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოგვიწოდებენ.
როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდა, არათუ ყურად იღეს ეს დასკვნა, არამედ უგულებელყვეს და ასევე, ეუთო/ოდირის, როგორც ორგანიზაციის დაკნინების მცდელობაც ჰქონდათ. გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოგვიწოდებენ, ამ დასკვნის შესაბამისად გადავწყვიტოთ საქართველოში არსებული პოლიტიკური საკითხები, ეს არის ორმაგი სტანდარტი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ორმაგი სტანდარტებით ურთიერთობა არავის გამოუვა. საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადება ან დადასტურება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური და სამართლებრივი ლეგიტიმაციის უმთავრესი საფუძველი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ამომრჩევლის ნდობის გამოცხადება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს. სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“