„ჩემთვის მნიშვნელოვანია, სისხლის ყველა წვეთით გრძნობდე და განიცდიდე ყველა სიტყვას, რომელსაც წერ“ – ქეთი გაბინაშვილის შთაგონება და მისტიკა

„გვარი – გაბინაშვილი – მამამ მომცა, სახელი – ქეთი (ქეთევანი) – ბებიისგან მერგო, საკუთარი მხოლოდ სული მაქვს და ოცნებები. ჩემს ოცნებებს კი საზღვარი არ აქვს და მე დავპირდი საკუთარ თავს, რომ ვერ ავუსრულებდი ყველა ნატვრას, მაგრამ ყოველთვის, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებდი მისი ოცნებების ხორცშესხმისთვის. მე ვიბრძვი“…
ასე იწყებს ბიოგრაფიას მწერალი ქეთევან გაბინაშვილი, რომელსაც ლიტერატურული სამყარო კარგად იცნობს საინტერესო, დღევანდელობის ამსახველი მძაფრი ნოველებით.
დებიუტი საბავშვო გაზეთ „ციცინათელაში“ შედგა – 7 წლის იყო.   ათი წლის შემდეგ ჟურნალმა „ავტოპილოტმა“ საუკეთესო მოთხრობად დაასახელა მისი ნოველა – „სად დაიკარგა ღმერთი?!“
2018 წელს გამოვიდა ნოველების კრებული „შევხვდებით უზურპუსზე“.
არის რომანების: „ზარდახშის ბალერინის“, „ზღვარის“ ავტორი.
გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსის და რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულია.
ამბობს, რომ ადამიანი სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოა, ყველაზე დიდი გამოცანა. სანამ ცოცხალია წარმოდგენა არ გვაქვს რისი გაკეთება შეუძლია, მერე… მერე კიდევ უფრო დიდი საიდუმლო იწყება. ამ საიდუმლოს ამოხსნის მცდელობაა  ალბათ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო.

 ქართლში დაიბადეთ. ბებიის სახელი გქვიათ…
– გადაუღებლად თოვს. ტყემლის ხეებს ლამის არის ტოტები დასტყდეს. ყინულის ლოლოები ჩურჩხელებივით ჰკიდია საწვიმარ ღარზე. ძალიან ლამაზი თოვლის პაპა  გამოვიდა, მაგრამ სიცივისგან თითები მოგვეყინა. ღუმელს ჩამუხლული შეუკეთებს შეშას და სულის შებერვით აღვივებს ნაკვერჩხალს პაპა. ბებიაჩემს კალთაში საჩეჩელი უდევს და მატყლს ჩეჩავს, ფთილებს რუდუნებით  ალაგებს. ამ ფთილებით ძაფი უნდა დაართას და წინდები მოგვიქსოვოს.  ფარდა გადაწეულია. რაფაზე ნუ ჯდები, გაცივდები,- ჯავრობს ბებიაჩემი და ფანჯარაში ჭრელ მუთაქას დებს, რომ სიცივე შეაკავოს. ბარდნის. პაპა ზღაპრებს  ჰყვება: ჩიტუნა ცხენებზე, ფრთიან ფასკუნჯებზე, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით არსებულ სამყაროზე… მე პაპაჩემის კისერზე რომბებად გაჩენილ ხაზებს ვაყოლებ თითს და  ვფიქრობ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე სხვა სამყაროზე…
როცა ვიღლები, თვალებს ვხუჭავ და ის ოთახი მახსენდება, ფანჯრის ფართო რაფა და ღრიჭოებიდან შემომავალი სიცივე. ღუმელში აგიზგიზებული ცეცხლი, ბებიაჩემის საჩეჩელი, პაპას ზღაპრები და ხის ტახტი, რაღაც ძალით, პაპაჩემის ცხრა შვილიშვილი რომ ვეტეოდით… სადაც წავალ, რამდენ მთასა და ზღვასაც გადავლახავ, რასაც გავაკეთებ, რადაც ვიქცევი იმ საღამოების დამსახურება იქნება, პაპას ზღაპრების დამსახურება. მუდამ მამაჩემის დარგული ვაზების ძალა მექნება ძარღვებში, დედაჩემის სითბო დამიცავს ყველა ყინვისგან…
როდის დაიწყეთ წერა? დებიუტი უკვე 7 წლისას გქონდათ…
– ამბების გამოგონება წერის სწავლამდე დავიწყე. სამი-ოთხი წლის ვყოფილვარ, ჩემი ძმებისთვის ზღაპარი რომ მომიყოლია, ჩემ მიერ მოგონილი ამბავი  ჭიანჭველებზე. წერა ადრე ვისწავლე და რაც მახსოვს, სულ ვწერდი.
შვიდი წლის ასაკში ოჯახის ყველა წევრზე ლექსი დავწერე, ამავე პერიოდში დაიბეჭდა გაზეთში ჩემი მოთხრობა. არ მომეწონა ჩემს სამყაროში სხვა ადამიანებმა რომ შემოაბიჯეს. თითქოს მთელი იდუმალება სადღაც გაქრა… წერა არასდროს შემიწყვეტია, მაგრამ სხვებისთვის გაზიარება შევწყვიტე და ძალიან ბევრი დრო და ბრძოლა დამჭირდა, რომ ისევ გამეღო  ჩემი სამყაროს კარი. ეს ბრძოლა დღესაც არ დასრულებულა.
2017 წელს უკვე საუკეთესო მოთხრობად დასახელდა „სად დაიკარა ღმერთი?!“...
– „სად დაიკარგა ღმერთი“?! რომ დაიბეჭდა, ერთმა ქალბატონმა მომწერა, სტუმრად მივდიოდი, როცა ქუჩაში მეზობლის ობოლი ბავშვი შემხვდა, მანჩო მომაგონა (მოთხრობის გმირი), მეგობრებთან აღარ წავედი, ბავშვი სახლში წავიყვანე, დავბანე, ახალი ტანსაცმელი ჩავაცვი, ვაჭამე და მთელი საღამო მასთან ერთად გავატარეო… „სად დაიკარგა ღმერთი“?! როგორ დაიწერა, არ მახსოვს, მაგრამ ეს ისტორია არ მავიწყდება და როცა ეჭვი მეპარება საკუთარ თავში, იმ ქალბატონის მიერ გამოგზავნილ  წერილს  ვკითხულობ.
პოეტი და გემოვნებიანი ლიტერატორი, გაზეთ „კალმასობის“ გამომცემელი შარლოტა კვანტალიანი, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი. არადა, კიდევ რამდენს მოასწრებდა, როგორც შემოქმედი… რა იყო თქვენი პირველი წიგნის მთავარი სათქმელი?– ქალბატონი შარლოტა მცხეთის სამთავროს მონასტერში გავიცანი. მანამდე გოდერძი ჩოხელის კონკურსზე ერთ-ერთი ჟიურის წევრი ყოფილა და ჩემი „მელნისფერი ბუშტი“ ახსოვდა. მთხოვა, თუ კიდევ გაქვს რაიმე დაწერილი, წამაკითხეო. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
ქალბატონი შარლოტა ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი და კეთილი ადამიანი იყო, მათ შორის, ვინც ოდესმე ჩემი ცხოვრების გზაზე შემხვედრია. აბედნიერებდა სხვა ადამიანების სიხარული.  უანგარო თავდადებით იღვწოდა სხვებისთვის. „შევხვდებით უზურპუსზეც“ მისი ძალისხმევით დაიბეჭდა.
კრებული გვიყვება მთაში მარტო დარჩენილ მოხუცებზე; პატარა ობოლ ბავშვებზე, ღრუბლებზე მცხოვრებ მამას რომ წერილს უგზავნიან; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებზე; ომზე; ძალადობის მსხვერპლ ქალებზე…
„შევხვდებით უზურპუსზე“ შეიძლება მცდელობა იყო, გვერდი არ აგვევლო ერთმანეთისთვის, თვალებში ჩაგვეხედა და ერთმანეთის ტკივილების მიზეზებზე დავფიქრებულიყავით, ერთმანეთისთვის ჭრილობების მოშუშება გვეცადა, უფრო ფრთხილად გვეთქვა სიტყვები…
ორი წლის შემდეგ უკვე მეორე რომანი „ზღვარი“ გამოვიდა, რომელსაც დიდი შეფასება მისცა რედაქტორმა, ბატონმა ანდრო ბედუკაძემ. პირადი ამბების პარალელურად რომანის გმირები იბრძვიან ვენახისთვის ანუ ქვეყნის გადასარჩენად… თავად მწერალი რას გვეტყოდით ამ გმირებზე? როგორები არიან ისინი, ვინც უნდა იტვირთონ ეს მისია?
– მადლიერი ვარ სამყაროსი, რომელმაც ანდრო ბედუკაძეს შემახვედრა. „ზღვარზე“ მუშაობისას მან ძალიან ბევრი რამე მასწავლა. ამ წიგნმა მეც შემცვალა, დღეს შემიძლია დავინახო ხარვეზები, რომელიც წერის პროცესში დავუშვი. თუმცა არ შევცვლიდი მთავარ სათქმელს: სამშობლო, ოჯახი და უშეღავათოდ სიყვარული – ბევრისთვის იქნებ უკვე მოძველებული თემებია, ჩემთვის კი  მთავარი ღირებულებებია, რომელიც არასდროს დაკარგავს აქტუალობას.რომანში ისინი, ვინც იციან ამ ვენახის, ამ მიწის  ფასი, ძალადაკარგულნი არიან, ბრძოლის სურვილი აქვთ, მაგრამ ომში შესვლის ძალა აღარ შესწევთ; ისინი, ვინც უნდა იბრძოდნენ, დანებებულ ჯარისკაცებს დამსგავსებიან, სასოწარკვეთილები  რეალობას სასმლით გაურბიან და რჩება ევა, ქალი, რომელმაც უნდა შვას მომავალი, რომელმაც უნდა დაიცვას და სხვასაც ასწავლოს ამ მიწის დაცვა. „არ ახალია, ძველია“, რომ ამ დიდ ბრძოლაში ქალი იყო ყოველთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს ფუნქცია უნდა დაიბრუნოს ისევ ქალმა, უნდა გააცნობიეროს საკუთარი ძალა და მნიშვნელობა, ისევ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა
თქვენს ნაწარმოებებში რეალობა გადმოცემულია დიდი ტკივილით და განცდით. ეს არის ჩვენი ცხოვრება – სიხარულიან-სევდიანი, ხან გამარჯვების მომტანი, ხანაც მარცხის სიმწარით… შთაგონება?
– ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს ბიძგის მომცემი. წინასწარ არასდროს იცი, რა შთაგაგონებს. ამბავი არაა მნიშვნელოვანი, განცდა და ტკივილია, რასაც ეს ამბავი გიტოვებს სულში. უშუალოდ წერის პროცესში კი არის რაღაც ძალიან მისტიკური, რაღაც ძალიან ბუნდოვანი, რისი  ახსნაც გიჭირს, რისთვისაც სახელი ვერ დაგირქმევია.
„დრო მდინარეა, ქალი კი – ხიდი“, – ამბობდა ოთარ ჭილაძე. თქვენ?..
– ქალი ღმერთის ყველაზე დიდი საიდუმლოა. სიცოცხლის წყარო… კაცობრიობის დეგრადირება მაშინ დაიწყო, როცა ქალმა პირვანდელი ფუნქცია დაივიწყა. როცა საკუთარი ძალის რწმენა დაკარგა… უნდა გავიხსენოთ, ვინ ვართ, რა გვევალება, რა ძალას ვფლობთ. ვალდებულები ვართ, გავიხსენოთ რისთვის გავჩნდით, რა ფუნქციის მატარებლები ვართ.  საყვარელი პერსონაჟი თქვენი გმირებიდან?
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გმირები ამბის დასრულების შემდეგ არსადაც არ მიდიან და გიწევს მათთან ერთად ცხოვრების გაგრძელება, რადგან ყველას აქვს მითვისებული შენი რაღაც ნაწილი და შენვე მიუსაჯე სიცოცხლე. ამიტომ დავიწყების საშუალებას არ გაძლევენ. თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო გეძვირფასება. ჩემთვის ასეთი ერეკლეა („ზღვარი“), შეიძლება ზედმეტად ბევრი წაიღო ჩემგან ან ვინ იცის, იქნებ მე მაქვს მისგან ბევრი რამე ნასესხები.  ყველაზე ხშირად კი ტატოზე ვფიქრობ („წყარო“). ეს ბავშვი თავს არ მანებებს, მეტისმეტად ცოცხალია, შემომყურებს თავისი ქარვისფერი თვალებით და ჯერ ბოლომდე ვერ გავიგე, ჩემგან რას ითხოვს.
გაიმარჯვეთ კონკურსებში: გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში, რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსში, მონაწილეობიდთ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“…  როგორ დაიწერა „ზოოპარკის ავტობუსი“, რომელმაც რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსში გაიმარჯვა და ამ მოთხრობით სხვა ინტერნეტგვერდებიც დაინტერესდნენ?
– ძალიან ხშირად კონკურსს მიღმა რჩებიან ნიჭიერი ავტორები. რეგალიები არ არის იმის გარანტი, რომ ვინმეზე უკეთესი ხარ ან  ხვალ უკეთესად დაწერ, მაგრამ კონკურსში გამარჯვება, ლიტერატურულ გამოცემებში დაბეჭდვა, სულ მცირე შემჩნევაც კი ძალას და მოტივაციას გმატებს. ეჭვს გიფანტავს. პატივია აღნიშნულ კონკურსებში წარმატების მიღწევა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე კი არა,  იმ ადამიანების წინაშეც ხარ ვალდებული, ვინც შენი ირწმუნა, ვინც შესაძლებლობა მოგცა, სხვებისგან გამოგარჩია, ვინც თუნდაც ერთი იმედის მომცემი სიტყვა თქვა შენზე… გევალება, მეტი მოინდომო, მეტად იფიქრო ყველა სიტყვაზე, უფრო სერიოზულად მიუდგე შენს მომდევნო ნაწერებს.
ხშირად წიგნებზე მნიშვნელოვანი ამ წიგნების დაწერის მიზეზებია. „ზოოპარკის ავტობუსის“ დაწერასაც ჰქონდა თავისი წინაპირობა, რომლის დავიწყებაც ალბათ ვერ შევძელი, ამიტომ თუ გამაღვიძა ერთ ღამეს და მაიძულა, ფურცელზე გადმომეტანა.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო რევაზ ინანიშვილის კონკურსის სულისჩამდგმელებსა და ჟიურის წევრებს, ძალიან ღირსეულ ავტორებთან ერთად მეც რომ შემნიშნეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს მოთხრობა წაიკითხა. თუ ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ჩემს მიერ აღწერილი ამბავი და ეცდება „ზოოპარკის ავტობუსის“ გმირების შეცდომები თავად არ გაიმეოროს,  ბედნიერი ვიქნები.
მუშაობდით სცენარებზე გიორგი ოვაშვილის ფილმებისთვის: „მშვენიერი ელენე“ და „მთვარე მამაა ჩემი“… სხვა ფილმებზეც ხომ არ გაქვთ მიწვევა?
– მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და გიორგი ოვაშვილთან ურთიერთობამ დიდი გამოცდილება შემძინა, ალბათ ამ მიმართულებით  მუშაობას მომავალში არ  გავაგრძელებ. ფილმი რეჟისორისაა, მისი ემოციებია, მისი ამბები, მის მიერ დანახული გმირები არიან, მისი სათქმელია. სცენარის წერისას ბოლომდე მართალი არ ხარ. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია სისხლის ყველა წვეთით გრძნობდე და განიცდიდე ყველა სიტყვას, რომელსაც წერ.
„რასაც ვწერ, ჩემი ნაწილებია, ჩემი სულის ბაბუაწვერასავით გაბნეული ტკივილები და სიხარულები“… – რას ნიშნავს მწერლობა თქვენთვის?
– წერა გადარჩენის საშუალებაა. საკუთარი თავის დაცვაა იმ ტკივილისგან, რომლის ტარებაც გეძნელება. იმ ამბებისგან თავდახსნა, რომელიც ვერასდროს მოჰყევი. ძლივს გათენებული  უძილო ღამეებისგან გაქცევაა. . .
ჰობი…
– მოგზაურობა:  ახალი ადგილებისა და ადამიანების აღმოჩენა. საკუთარ თავში ახალი უნარების მიგნება. მოგზაურობა გაცილებით მეტია, ვიდრე გატაცება, ის თავადაა ცხოვრება.
სიყვარული არის….
– სიყვარული საკუთარი თავის აღმოჩენის საუკეთესო გზაა. ცხოვრების გამართლება, სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. სიყვარულით და სიყვარულისთვის იბადება ადამიანი და გადარჩენაც მხოლოდ სიყვარულით შეუძლია. უსიყვარულობას არ ცნობს ადამიანის ბუნება.
ოჯახი…
– ადამიანს დიდწილად  ოჯახი განაპირობებს. ოჯახი მხოლოდ ფიზიკურად კი არ გვზრდის, ჩვენი სულის გამოწრთობას, მის განვითარებასაც უწყობს ხელს. თუკი  ცხოვრების მთავარი საზრისი ოჯახში უნდა ისწავლო, გამოდის, მისი ღირებულებები მარადიულია თითოეული ჩვენგანისთვის. თანამედროვე ეპოქაში ოჯახის ფუნდამენტი ძალიან შეირყა, რამაც ადამიანი გამოფიტა. გააღარიბა, მარტოკაცად აქცია.  არადა ოჯახი ყველაზე დიდი ძალა და სიმდიდრეა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არც სამართლებრივი შეთანხმებაა ცოლ-ქმარს შორის, არც ჭერია, რომელიც სეტყვისგან დაგვიცავს, არც კედლებია, სადაც  დაძინება და კვება შეგვიძლია, ოჯახი ადამიანები არიან. ერთმანეთის შემჩნევა და მოსმენა უნდა ვისწავლოთ. ერთად ცხოვრება, ერთმანეთისთვის საყრდენად უნდა ვიქცეთ. ოჯახს საკუთარი ფუნქცია თუ არ დაუბრუნდა, უკეთეს საზოგადოებას ვერასდროს მივიღებთ.
რაზე მუშაობთ და სამომავლო რა გეგმები გაქვთ?
– ახალი რომანი უკვე რამდენიმე წელია ხელნაწერის სახით მიდევს და ვერ მივედი მასთან, ბოლო შტრიხების შესატანად. შეიძლება, ემოციურად არ ვარ მზად,  ჩემგან გავუშვა ან ჯერ ვერ ვიპოვე ბოლო სიტყვა, რომ წერტილი დავსვა. მინდა, მოვნახო საკუთარ თავში ძალა და დავასრულო. რაც შეეხება მომავალს, არაფერს ვგეგმავ. ვცდილობ იმ მომავლისკენ ყურებაში, რომელიც არც კი ვიცით, დადგება თუ არა, აქ და ახლა ცხოვრების შესაძლებლობა არ გავუშვა ხელიდან.

 

                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები