“ავტოსაგზაო შემთხვევების უპირველესი გამომწვევი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, როგორც წინა წლებში” – ირაკლი იზორია ავარიების ბოლო 1 წლის სტატისტიკაზე საუბრობს

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი , ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკის შესახებ საუბრობს და საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ  ვითარებას აფასებს.   როგორც იზორიამ მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საგზაო შემთხვევების უპირველესი გამომწვევი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა,   მეორე ადგილზე კი    გადასწრების შედეგად  მომხდარი საგზაო შემთხვევებია.

“რამდენიმე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, სტატისტიკა  წინა წელთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელს ავიღებთ, 2 ადამიანით მეტი დაიღუპა, ვიდრე 2023 წელს.  2023 წელს დაღუპული 442 ადამიანი იყო, 2024 -ში კი 444. მძიმე დაშავებულობაც გაზრდილია –  7 587 ადამიანი  შეადგინა. მოგეხსენებათ, საქართველო  დიდი ქვეყანა არ არის და რაც ხდება,  ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდია.  საგზაო შემთხვევების უპირველესი გამომწვევი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, როგორც წინა წლებში.   მეორე ადგილზეა   გადასწრების შედეგად   ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში მომხდარი საგზაო შემთხვევები.  გაზრდილია  ნასვამობის მაჩვენებელიც,  დაახლოებით 7-8 %-ით. განსაკუთრებით ყურდსაღებია   ქვეითთა გადაადგილების პრობლემა,   თუ 2023 წელს 95 ადამიანი გარდაიცვალა, 2024 წელს 101 ადამიანია გარდაცვლილი. მოგეხსენებათ, გარდაცვალება და დაშავებულობა სიჩქარის გადაჭარებებასთან პირდაპირ კავშირშია.  ვიცით, რომ ურბანულ დასახლებაში  60 კმ/სთ -ია დაშვებული, ამასთან  + 15-ის გადაჭარბება შეგვიძლია, ანუ 75 კმ/სთ-ით  მოძრაობა.   მსგავსი პრაქტიკა  არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა.  ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს გარკვეული რეკომენდაციებითაც მივმართეთ. ეს რეკომენდაციები გაზიარებულია და უახლოეს მომავალში,  ალბათ,  კანონში ცვლილებებიც იქნება.  ურბანული ზონებში , განსაკუთრებულად საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სკოლებთან ნაკლები სიჩქარე უნდა იყოს,  ვიდრე კანონმდებლობითაა,  ასევე ლიმიტი, რომელიც 15 კმ/სთ-იანია, დაახლოებით 3-დან 5 კმ/სთ-მდე უნდა  შემცირდეს.   რადგან სიჩქარეა წამყვანი, მინდა ,    ყურადღება სიჩქარეზე გავამახვილო.  ბოლო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 3, 5 მილიონზე მეტი 50 – ლარიანი ჯარიმაა დაწერილი. წარმოიდგინეთ 3, 5 მილიონი დარღვევა მოხდა და ეს შეიძლებოდა, საბედისწეროდ დამთავრებულიყო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სიჩქარის კონტროლი მაქსიმალურად მოხდეს. ვიცით, რომ ჯარიმები ქულათა სისტემაზე მიბმული არ არის. როცა ქულათა სისტემა მივიღეთ, ჩვენც ვმონაწილეობდით.  გარკვეული რეკომენდაციები მაშინაც წარმოვადგინეთ. ვიდეოჯარიმებზე სიჩქარის მიბმაც აუცილებელია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ათასობით ლარს იხდიან და ქუჩებში მაინც სწრაფად გადაადგილდებიან ,  მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიან. შეიძლება, ქულების ჩამოკლება კოლოსალური არ იყოს, მაგალითაც,  20-30 , მაგრამ, 5 ქულა მაინც რომ იყოს, მძღოლს იმის განცდას გაუჩენს, რომ მან შეიძლება, მომავალში მართვის მოწმობა დაკარგოს. 15 წელია, რაც საგზაო უსაფრთხოების სფეროში ვარ და რასაც ვუყურებ, ყოველ წელს სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები არ იკლებს,  პირიქით, იზრდება. გამოსავალი არც  ჯარიმების გაზრდაა.   ვიღაცები ჯარიმას იხდიან და მაინც ჩქარა დადიან, ამიტომ  ეს ქულათა სისტემაზე უნდა იყოს მიბმული”- განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, 2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით  20 000-მდე ადამიანს მართვის უფლება ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო  შეუჩერდა.

“რაც შეეხება, ნასვამ მდგომარეობაში მართვას – როგორც აღვნიშნე, მონაცემები  გაზრდილია. როგორც ვიცი, გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ჩვენც გარკვეული რეკომენდაციები  გვქონდა  იმასთან დაკავშირებით, რომ ნასვამ  მდგომარეობაში მართვაზე კანონი უფრო მკაცრი ყოფილიყო. მოგეხსენებათ,  2 წლის წინ ძალაში რეგულაციები შევიდა,    6 თვით მართვის უფლების შეჩერება ხდება,  როცა სისხლში ალკოჰოლის შემცველობა  0,3-დან 0,7- პრომილემდეა.  ხოლო 0,7-დან ზემოთ როცაა,  მაშინ  1 -წლიანი მართვის უფლების შეჩერება და 2 000 ლარიანი ჯარიმაა. თუმცა, ეს უფრო გასამკაცრებელია. ბოლო, 2024 წლის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ,  ჯამში, დაახლოებით,  სადღაც 20 000-მდე ადამიანს მართვის უფლება შეუჩერდა.  ეს  20 000 ადამიანი, რომელიც ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში გამოვიდა,  პატრულმა გააჩერა, მართვის მოწმობა ჩამოართვა, ეს  ადამიანები რომ ქუჩაში გაეშავთ,  არ დაეჯარიმებინათ, წარმოიდგინეთ, რა უბედურებები შეიძლებოდა, დატრიალებულიყო. რადგან წლიდან წლამდე ნასვამ  მდგომარეობაში მართვა იმატებს,  სახელმწიფოც იძულებულია, გარკვეულ ზომებს მიმართოს, მაქსიმალური ბერკეტები გამოიყენოს, რათა ამ სტატისტიკის წინსვლა შეფერხდეს.

მინდა, ყველა მძღოლს მოვუწოდო, ვისაც სისწრაფის სურვილი აქვს,  ამისთვის შესაბამისი ადგილები არსებობს,   ესაა  დახურული მოედნები, რომელიც   ფასიანია, ან   უფასოა,  შეუძლიათ, თავიანთი ადრენალინი იქ გამოსცადონ,  სიჩქარის გადაჭარბებით იარონ იქ, სადაც უსაფრთხოების სტანდარტებია დაცულია .ქუჩაში ამის გაკეთება ძალიან ცუდია.  ზოგადად, მეცნიერულად, კვლევით დადგენილია, რომ როდესაც სიჩქარეს 10 %-ით ვაჭარბებთ, სიკვდილიანობის რისკი 30 %-ით  იზრდება”- განაცხადა ირაკლი იზორიამ.

ცნობისთვის,  2024 წელს საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ  5 866 შეადგინა,  2023 წელს ეს მაჩვენებელი 5 594 იყო. გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 185 სიმთვრალით იყო გამოწვეული, 2023 წელს კი, ეს მაჩვენებელი 158 იყო.

რაც შეეხება დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობას:  2024 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 444 ადამიანი, ხოლო დაზარალდა 7 587. 2023 წელს   დაიღუპა 442 ადამიანი, ხოლო დაზარალდა 7 310.

ინფორმაცია საქსტატმა    შსს-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები