დავით უსუფაშვილი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

იტალიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს და ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. კარდინალ პიეტრო პაროლინთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოსა და რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სირთულეებზე ისაუბრეს.
,,ჩვენ ვისაუბრეთ იმ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანია, და რომ ვატიკანი საკმაოდ გავლენიანი მოთამაშეა პოლიტიკურ საკითხებში მსოფლიოს მასშტაბით. ვისაუბრეთ კონფლიქტებზე. კარდინალი პაროლინი დეტალურად დაინტერესდა საქართველოში არსებული ვითარებით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასაც შეეხო.
,,მალევე შევჯერდით, რომ სულიერებისა და ღირებულებების გარეშე წარმოებული და მხოლოდ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა აუცილებლად მარცხისთვისაა განწირული. აგრეთვე, შევთანხმდით იმაზეც, რომ სახელმწიფო კონსტიტუციით, კანონებით იმართება და სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფლები და ემორჩილებოდნენ საკუთარ მოტივაციას”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს თავისუფალ არჩევანს ცალსახაd მხარდაჭერა გამოუცხადა.
დავით უსუფაშვილმა ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
,,ძალიან საინტერესო იყო მათი დაინტერესება საქართველოთი და რეგიონით. იმ სამწუხარო მოვლენებმა, რაც უკრაინაში განვითარდა, კიდევ ერთხელ გაახსენა ყველას, თუ რა მოხდა საქართველოში და ამ მიმართულებით ბევრი შეკითხვა დასვეს – რა გამოცდილება დაგვიგროვდა და რას ვაპირებთ მომავალში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები