თეა წულუკიანი: ძალით გვაცხოვრებენ რეალობაში, ევროპაში უნდა იყოს კანონები და წესები, მაგრამ აქ იგივე კანონები და წესები არის დარღვევა და შეზღუდვა
რატომღაც ჩვენ ძალით გვაცხოვრებენ რეალობაში, ევროპაში უნდა იყოს კანონები და წესები, მაგრამ აქ იგივე კანონები და წესები არის დარღვევა და შეზღუდვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაინიციირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ვხედავთ, რომ საჯარო მოხელეებში, ძალოვან სტრუქტურებშიც კი და პოლიტიკური თანამდებობის პირებში არის დაუცველობის სრული განცდა. ეს ძალიან ცუდია თვითონ სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ მე, როგორც ერთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაქვს თმენის ვალდებულება და მგონია, რომ ყველაფრით დავამტკიცე, რომ თმენის ვალდებულებას ღირსეულად ვუსწორებ თვალს, მაგრამ არანაირი ამგვარი თმენის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ აურჩევიათ საჯარო პირად ყოფნა.
როდესაც ტელევიზიები არაერთხელ დარეკავენ კარზე ზარს, მოხუც მშობლებს სტუმარი ჰგონია, შემდეგ სახლში იჭრება ოპერატორი და ჟურნალისტი და ოთახიდან ოთახში დარბის, ამაზე კარგად უნდა ვიმსჯელოთ, სამოსამართლეო პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, იმიტომ, რომ ეს ცალსახად არის პირად სივრცეში შეჭრა და ეს უნდა ისჯებოდეს მკაცრად.
ამგვარი რამ იმ დასავლეთში, რომელშიც ისინი უკვე შევიდნენ და უკან ვეღარ გამოდიან, აბსოლუტურად დაშვებული და მიუღებელია. ეს ყველაფერია ევროპულის გარდა. რატომღაც ჩვენ ძალით გვაცხოვრებენ რეალობაში – კი ბატონო, ევროპაში უნდა იყოს კანონები და წესები, მაგრამ აქ იგივე კანონები და წესები არის დარღვევა და შეზღუდვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.