მამუკა მდინარაძე: USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ ვერ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში
“ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ ვერ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მავნებლური მიზნებისთვის ახალგაზრდების გამოყენება ვერავინ ვერ უნდა შეძლოს.
“ვერავინ ვერ უნდა შეძლოს საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს ჩვენი არასრულწლოვნები თუ სხვა ახალგაზრდები ან მათი გულწრფელი ემოციები.
ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ენჯეოს წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოვახდინოთ; უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან, პროპაგანდისგან და უზრუნველვყოთ ისეთი მედიასტანდარტის დამკვიდრება, როგორიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშია; ასევე უზრუნველვყოთ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმგვარ სტანდარტებთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული სტანდარტი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და საბოლოო ჯამში, უნდა შევქმნათ მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა ვინმე სხვამ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა”,- განაცხადა მდინარაძემ.