საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის.
„საქართველოსა და ყაზახეთს ტრადიციულად აკავშირებთ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.
გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხასიათდება ზრდის ტენდენციებით.
ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის.
ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ქართული აგრო-სასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში, ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგრო-სასურსათო სექტორში.
ყაზახეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. შესაბამისად, გამოვხატავთ მზადყოფნას, განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში.
გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს.
სასიხარულოა, რომ ყაზახური ბიზნესი წარმატებით ვითარდება საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.