ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ბიუჯეტი მთავარი პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმეთ
ჩვენ ბიუჯეტი მთავარი პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბიუჯეტთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის განმარტებით, ბიუჯეტი 280 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბიუჯეტი ყველა სამინისტროს გაეზარდოს.
„რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება მათი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან მათი მოთხოვნები მილიარდ ლარზე მეტი იყო და საქართველოს არ აქვს საშუალება, მილიარდი ლარით დამატებით გაზარდოს ბიუჯეტი. უნდა მოვიცადოთ. ჩვენ ბიუჯეტი მთავარი პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმეთ. მილიარდ 300 მილიონით გავზარდეთ სოციალური ნაწილი, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ეს არის სამუშაო პროცესი, პარლამენტში მიმდინარეობს აქტიური განხილვები და მიმაჩნია, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ გვექნება სრულყოფილთან მიახლოებული ბიუჯეტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.