„თავისუფალ ზონასა“ და „თავისუფალ თაობას“ შორის მომხდარი ინციდენტი მათი შეგნების დაბალ დონეზე მეტყველებს“

 

    „თავისუფალ ზონასა“ და „თავისუფალ თაობას“ შორის მომხდარი ფაქტი მათი შეგნების დაბალ დონეზე მეტყველებს – ასე აფასებს ორ ორგანიზაციას შორის დაპირისპირებას ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ წარმომადგენელი ბექა გამდლიშვილი. როგორც „კვირას“ გამდლიშვილმა განუცხადა, ორგანიზაციის წევრები ადამიანთა შორის ფიზიკურ დაპირისპირებას გმობენ.
„ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ფიზიკურ დაპირისპირებას; ამ ფორმის „გარჩევები“ ამ ადამიანების დაბალ შეგნებაზე მეტყველებს. „თავისუფალ ზონასა“ და „თავისუფალ თაობას“ შორის ხელჩართულ დაპირისპირებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი ლიდერების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, რაც მეტწილად პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობად უნდა იქნეს აღქმული. მივმართავთ საქართველოში რეგისტრირებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და შეინარჩუნონ როგორც პიროვნული, ასევე პოლიტიკური მიუკერძოებლობა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, „თავისუფალი ზონის“ ყველა განცხადება, თუ სხვა სამოქალაქო აქტივობა პირდაპირი, თუ ირიბი მნიშვნელობით ორიენტირებულია ერთ პოლიტიკურ ძალაზე, კერძოდ – „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომლის პირდაპირ დაკვეთებსაც მესამე სექტორის მანტიას ამოფარებული ზემოთ ხსენებული ორგანიზაცია ასრულებს. მსგავსი ქმედება ყოვლად მიუღებელია და ეწინააღმდეგება მესამე სექტორის არსს და პრინციპებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ხელჩართული ბრძოლისა და ქუჩის აქციების ნაცვლად, არსებული დაპირისპირება მოლაპარაკების ფორმატში მოაგვარონ. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ორივე ორგანიზაციის საქმიანობაზე. მსგავსი მოქმედებები აზიანებს არასამთავრობო სექტორის იმიჯს და ლახავს მათ რეპუტაციას“, – აცხადებს ბექა გამდლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები