მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა
განვიხილეთ ის პროცესები, რაც უკავშირდება ჩვენი რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
„განვიხილეთ ის პროცესები, რაც უკავშირდება ჩვენი რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა. გულწრფელად აქვს სურვილი ამის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუკი რამე შეუძლია საქართველოს, წვლილი შეიტანოს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა. ვიმედოვნებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით და ეს იქნება საფუძველი სწორედ იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს სტაბილურობა. ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა და ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს, კიდევ უფრო კარგად გამოვიყენოთ და მიმართულებით ვითანამშრომლოთ ჩვენს მეზობლებთან.
რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციიდან და იმ მძიმე შედეგებზე არ ვთქვათ, რაც მომდინარეობს სწორედ აქედან, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და მძიმე სოციალურ ვითარებაში. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს რჩება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გამოწვევად.
საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამის კეთებას. ეს იქნება ორმხრივად თუ საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.