6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია 5-წლიან პერიოდში ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას დამატებით ექნება მილიარდზე მეტი რესურსი ყოველწლიურად ჩადებული ინვესტიციის სახით, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უშუალოდ, Emaar ჯგუფი-ს დამფუძნებელი ჩამოვა საქართველოში და გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ვიზუალური მხარეც იქნება სათანადოდ წარმოდგენილი.
„რაც შეეხება გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტს, მადლობა მინდა გადავუხადო ხელისუფლებას, პრეზიდენტს, გამოხატულად გულთბილი დახვედრისთვის. ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა სხვადასხვა თემაზე. მთავარი შედეგი ამ ვიზიტის იყო ის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. საუბარია 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე. 6 მილიარდი დოლარი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 20%. ოპოზიციას ძალიან ეწყინა ეს ყველაფერი. არ არსებობს არც ერთი პროექტი, რომელსაც Emaar ჯგუფმა მოკიდა ხელი და არ მიიყვანა ბოლომდე, სათანადო და ძალიან სწრაფ ვადებში. საუბარია დაახლოებით 5-წლიან ვადაზე, როდესაც ჩაიდება ინვესტიცია და დასრულდება პროექტი. შევთანხმდით, რომ საქართველოში შედგება ამ პროექტის პრეზენტაცია. საუბარია ძალიან საინტერესო სივრცის განვითარებაზე. როგორც თბილისში, ასევე აჭარაში. აქ მოიაზრება არა მარტო საცხოვრებელი სივრცეები, არამედ, საუბარია სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მულტიფუნქციური იქნება თავისი არსით ეს სივრცეები. აქ იქნება სასტუმროები, მოლები, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ა. შ. საუბარია კომპლექსურად, კონკრეტული სივრცეების განვითარებაზე. ძალიან დიდი იქნება გამწვანებული სივრცე, მაგალითად, თბილისის შემთხვევაში 34% იქნება გამწვანებული სივრცის არეალი. Emaar ჯგუფი არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში და მე მადლობა მინდა გადავუხადო Emaar ჯგუფის დამფუძნებელს, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, თბილისის და ბათუმის მიმართ და ძალიან ემოციურად საუბრობდა ჩვენს ქვეყანაზე. ეს ემოციური დამოკიდებულება იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ამ ინვესტიციის განხორციელების თაობაზე. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ სათანადო ვადებში ეს პროექტი განხორციელდეს. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია 5-წლიან პერიოდში ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას დამატებით ექნება მილიარდზე მეტი რესურსი ყოველწლიურად ჩადებული ინვესტიციის სახით, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია – საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მთლიანობაში, ორივე ლოკაციაზე საუბარია სამი მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობაზე. ყველა თვალსაზრისით, ეს ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს. 6 მილიარდიანი ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ ამას უხეში გათვლებით, ერთი იმდენი დაემატება. გარდა ამისა, ეს არის გზავნილი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის. ყველამ იცის რას ნიშნავს Emaar ჯგუფის შესვლა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანაში მოტივაცია, რომ შემოვიდნენ საქართველოში. გარდა იმისა, რომ შეიქმნება მნიშვნელოვანი სივრცე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკაში შემოვა თანხები, ეს ნიშნავს კონკრეტული მრავალი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პროექტს და ჩვენ ველით ამ პროექტის პრეზენტაციას, რაც ძალიან მალე შედგება, უშუალოდ, Emaar ჯგუფი-ს დამფუძნებელი ჩამობრძანდება საქართველოში და გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ვიზუალური მხარეც იქნება სათანადოდ წარმოდგენილი“, – განაცხადა პრემიერმა.