ირაკლი ალასანია: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბში ნატოს ჯგუფი იქნება
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-საქართველოს საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრა. ალასანიას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში იქნება სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული სპეციალური ნატოს ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ნატო-საქართველოს პაკეტის განხორციელებას.
“ეს იქნება ორმხრივი ბაზა, ნატოსა და საქართველოს ერთობლივი დაფუძნებული, სადაც წვრთნებს გაივლიან ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ადგილობრივ სამხედროებთან ერთად, ასევე პარტნიორი ქვეყნებიც. ამას გარდა სხვა ინიციატივებიც არის ნატო-საქართველოს ამ ერთობლივ პაკეტში, ისეთი, როგორიც არის ნატო-საქართველოს სამხედრო ინსტიტუციური სკოლის დაფუძნება, სადაც ასევე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები გაივლიან მომზადებას. ასევე ლოჯისტიკური ცენტრის დაარსება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საწვრთნელად ჩამოსული სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას და მიღებას, გაცილებას. ასევე ამ ყველაფრის განხორციელებისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში იქნება სპეციალური ნატო-ს ჯგუფი, სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული, რომელიც გაუწვეს კონტროლს ამ პაკეტის განხორციელებას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ნატოს უკვე გადაეცა ქართული მხარის ხედვა ამასთან დაკავშირებით და პაკეტის განხორციელებაზე ზრუნვა წლის ბოლომდე დაიწყება.