ილია II-ის კურთხევით, საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, სოფელ ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძარს ეწვია

“ამა წლის 27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, სოფელ ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძარს ეწვია”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

“საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ბატონი ზურაბ პატარიძე და საელჩოს წარმომადგენლები.

მეუფე თეოდორემ ადგილობრივებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა, დღესასწაული მიულოცა და თბილი დახვედრისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.

წირვის დროს მიტროპოლიტმა თეოდორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ტარიელ ფოლადაშვილს, რომელიც 2022 წლიდან დიაკვნად მსახურობდა კახის რაიონში. მღვდელი ტარიელი ისტორიულ ჰერეთში იმსახურებს დეკანოზ პეტრესთან ერთად.

მღვდელმთავარმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომელთა ჩართულობითაც განხორციელდა ეს ვიზიტი.

სოფელ ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძარი XIX საუკუნეში აშენდა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესია საწყობად გადააკეთეს. ხოლო ათიოდე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით და ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომით ტაძარი განახლდა და აღდგა ღვთისმსახურებაც.

აღსანიშნავია, რომ ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძარში მღვდლად კურთხევა საუკუნეზე მეტია არ შესრულებულა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები