ყირიმის პარლამენტმა რესპუბლიკური მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

ყირიმის სახელმწიფო საბჭომ რესპუბლიკის მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელობის შემადგენლობა დაამტკიცა. კერძოდ კი დეპუტატებმა მინისტრთა რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის სერგეი აქსენოვის მოადგილეების კანდიდატურები შეათანხმეს.
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი აქსენოვის პირველი მოადგილე კვლავ ყირიმის თავდაცვის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ შერემეტი გახდა. საკუთარი თანამდებობები ასევე მოადგილეებმა ევგენი ბავიკინმა, რუსლან ბალბეკმა და ნიკოლაი იანაკიმ შეინარჩუნეს. ვიცე-პრემიერი, ყირიმის შიდა პოლიტიკის, ინფორმაციის და კავშირგაბმულობის მინისტრი კვლავ დიმიტრი პოლონსკი გახდა, გიორგი მურადოვი კი ვიცე-პრემიერის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ყირიმის წარმომადგენლის მოვალეობებს შეათავსებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რეგიონული პარლამენტის დეპუტატებმა უახლოესი 5 წლით რესპუბლიკის ხელმძღვანელად სერგეი აქსენოვი აირჩიეს. დღეს აქსენოვმა თავმჯდომარის რანგში რესპუბლიკის მინისტრთა ახალ კაბინეტს უხელმძღვანელა. საერთო ჯამში ყირიმის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში 19 სამინისტრო, 8 კომიტეტი, 5 სამსახური და 4 ინსპექცია მოქმედებს. სერგეი აქსენოვს სულ 8 მოადგილე ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები