იაპონიის პარლამენტმა დღეს ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი პრემიერ-მინისტრი აირჩია.
ახალ ხელმძღვანელად 64 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი სანაე ტაკაიჩი დაინიშნა, რომელიც მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია.
ტაკაიჩიმ პრემიერ-მინისტრობისთვის 237 ხმა მიიღო პარლამენტის ქვედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე და ამ შედეგით შეცვალა გადამდგარი პრემიერ-მინისტრი, შიგერუ იშიბა.
ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავებს.
“იაპონია ახალი ეტაპის წინაშე დგას – ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ სახელმწიფო და გავაფართოვოთ მისი როლი მსოფლიოში,”- თქვა ტაკაიჩიმ პარლამენტში გამოსვლისას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტაკაიჩი იაპონიის პოლიტიკაში ცნობილია თავისი მკვეთრად კონსერვატიული პოზიციებითა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღებით. ექსპერტთა შეფასებით, მისი არჩევა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნისთვის, სადაც პოლიტიკურ ელიტაში ქალების წარმომადგენლობა ისტორიულად ძალიან დაბალია.