აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება გააფორმეს
შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს იშვიათი მიწის ელემენტებისა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებას და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას.
დოკუმენტს ხელი 20 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ.
შეთანხმების ფარგლებში, ორი ქვეყანა ერთობლივად განახორციელებს დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას, მათ შორის, ახალი სამთო და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებაში.
პროექტის მიზანია, კრიტიკული მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების უსაფრთხო და მდგრადი სისტემის შექმნა. ინიციატივა, ასევე, მოიცავს კვლევისა და ინოვაციების დაფინანსებას ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებისთვის.
აშშ-ის მთავრობის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას და დასავლეთის ქვეყნებისთვის სტრატეგიული მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა აღარ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე ჩვენი კრიტიკული ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად,“ — განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმება მის ქვეყანას საშუალებას მისცემს, „გახდეს სანდო პარტნიორი გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში“.