კანადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ოქტომბრის ბოლოს შეუერთდება
კანადა სამხედრო კოალიციის სამხედრო ოპერაციას, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყში და სირიაში ხორციელდება, ოქტომბრის ბოლოს შეუერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს. არსებული მონაცემებით, კანადის სამხედრო თვითმფრინავები ქუვეითის ავიაბაზაზე განლაგდებიან – „მხოლოდ 400 კილომეტრში იმ ტერიტორიიდან, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს“.
„კანადა ბოლო, 30-ე ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც წუხელ კოალიციას ოფიციალურად შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით ქუვეითში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის ფაქტი მან ოფიციალურად, დიპლომატიურ დონეზე უნდა დააფიქსიროს“ , – ნათქვამია უცხოურ პრესაში.
ცნობილია, რომ სამხედრო ბრძოლებში კანადა ოქტომბრის ბოლოს ჩაერთვება. კანადის მთავრობა სამხედრო-საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 6 F-18 გამანადგურებლის, 2 მზვერავი თვითმფრინავის, 1 საწვავის მიმწოდებელი თვითმფრინავის და 600 სამხედროს გამოყენებას გეგმავს.