„ერთადერთი ყველაზე დიდი საფრთხე რეგიონისთვის არის რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენს ქვეყანაში“

ერთადერთი ყველაზე დიდი საფრთხე რეგიონისთვის არის რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენს ქვეყანაში და მიმდინარე აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ხორციელდება, – ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით რუსეთი იძულებული გახდება, თავისივე აღებული ვალდებულებები შეასრულოს. დღეს ამის ილუზიები არ გვაქვს. ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება საქართველომ არაერთხელ უმაღლეს, პოლიტიკურ დონეზე დააფიქსირა. ერთადერთი, რაც სჭირდება სტაბილურობის გამყარებას, არის რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულების შესრულება საბრძოლო ქმედებების განუახლებლობაზე. 2008 წელსაც და მიმდინარე მოვლენებშიც უკრაინაში, მთავარი აგრესიული მხარე და ნაბიჯები გადაიდგა რუსეთის მხრიდან. რუსეთი წარმოადგენს რეგიონისთვის სამხედრო საფრთხეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ნატოს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება და ეს არის ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმება.
“საქართველო-ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტურქტურა, ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები და ამით ავამაღლოთ იმ აგრესიისშ ეკავების ფაქტორი, რომელიც რუსეთიდან მოდის, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას გაამყარებს. ძლიერი საქართველო არის იგივე კონტრიბუტორი ძლიერი სტაბილურობისთვის რეგიონში”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები