მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და ჯარების გასაწვრთნელად განხორციელებული არანაირი ქმედება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობის განტკიცებას ემსახურება.
“სხვა ბევრი ფაქტორია, რომელიც არ ემსახურება სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში და სწორედ მათი მოწესრიგებისკენ მოვუწოდებთ ჩვენ ყოველ ჯერზე რუსეთს, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ უკონტროლო სიტუაცია და რუსეთის ჯარის ყოფნა ამ ტერიტორიებზე”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.
რაც შეეხება ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულებას, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ვალდებულება საქართველომ ორჯერ აიღო.
“ერთხელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ და შემდეგ ეს განმეორდა საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ. ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება უნდა აიღოს რუსეთის მხარემ. ამას მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმება და, შესაბამისად, რუსეთი ვალდებულია ეს ვალდებულება თავის თავზე აიღოს “, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები