ნიკოლოზ მჟავანაძე გიორგი მარგველაშვილს პატიმართა შერჩევით შეწყალებაში ადანაშაულებს

 „საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 2 პირი შეიწყალა, მათ სასჯელი გაუნახევრა, რამაც ხვალ და ზეგ შესაძლოა, ისევ ისეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორც ოქროპირიძის გათავისუფლებამ მიგვიყვანა“, – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი კარგად იყენებს მისთვის ექსკლუზიურად მინიჭებულ შეწყალების უფლებას და მძიმე დანაშულში ბრალდებულ პირებს იწყალებს მაშინ, როდესაც კომისია ყურადღებას არ აქცევს ნაკლებად მძიმე ან მსუბუქ დანაშაულში ბრალდებული პირების განცხადებებს. მჟავანაძის განცხადებით, მარგველაშვილმა ასევე პირადი ინტერესით შეიწყალა მისი ცოლის ძმა. „პრეზიდენტმა განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული პირები შეიწყალა. ერთ-ერთი იყო მისივე ცოლის ძმა, რომელმაც სამი დანაშაული ჩაიდინა. ეს ადამიანი მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული. მას მისჯილი ჰქონდა 12 წელი და 2 წელიწადში მან საპატიმრო დატოვა. ამას გარდა, პრეზიდენტმა შეიწყალა ოქროპირიძე, მას გაუნახევრდა სასჯელი და შემდგომში მან მოკლა მახარაძე. დღესაც იგივეს ვხედავთ, სასჯელი შეუმცირდა განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულ 2 პირს. მაშინ, როდესაც უამრავი საქმეა, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქ დანაშაულზე გასამართლებული პირების შესახებ შესულია განცხადებები, რომელთაც კომისია ყურადღებას არ აქცევს. ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის ექსკლუზიური უფლება და თავად ის მიდგომა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებული პირების შეწყალება ხდება მარგველაშვილის მიერ, სასტიკად დასაგმობია“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. მისივე თქმით, თუ მკვლელების შეწყალება მოხდება, ასეთი კომისიის მუშაობა აზრს კარგავს. „თუ ასე მუშაობს ეს კომისია, მაშინ პედოფილებიც გამოუშვან და ქვეყანა კრიმინალებით გაავსონ. ასე თუ გააგრძელეს, მართლაც, დაინგრევა ქვეყანა და დიდ კრიმინალს მივიღებთ. თუ არსებული კომისია და პრეზიდენტი ამ საქმეს ვერ უმკლავდება, გადახედონ საკითხს, ჩამოართვან პრეზიდენტს ეს უფლება და მთავრობას გადაეცეს“. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი დღის წინ 115 მსჯავრდებული შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები