ირმა ჭკადუა ოპოზიციას: ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ

„ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა, და ეკონომიკის ჩამოქცევა ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ“, – ამის შესახებ  ადვოკატი, ირმა ჭკადუა, სოციალურ ქსელში წერს.

ჭკადუა ასევე მიმართავს უცხოელ კოლეგებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და კიდევ ერთხელ აუხსნან ოპოზიციურ პარტიებს, რომ ევროკომისიაში წერილების გაგზავნა, რაც ქვეყნის დასჯის სურვილითაა განმსჭვალული, ცდება ცივილურ პროტესტს და არ შეიძლება შეფასდეს რაციონალურ პოლიტიკურ ნაბიჯად

“ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა”. ვაჟა-ფშაველას ეს ვედრება ალბათ გილიოტინასავით უნდა ეკიდოს იმ პოლიტიკოსების თავზე, რომლებიც ასე მონდომებით და გამეტებით ებრძვიან საქართველოს, რომელსაც მართლა არა დაუშავებია რა.

ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ. თან ახალი სლოგანის ირგვლივ ერთიანდებით და ამბობთ, რომ ეს ქვეყანა თქვენია და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ეს ქვეყანა ათასჯერ დიდია და ასიათასჯერ მნიშვნელოვანი თავისი რწმენით, ისტორიით, მრავალფეროვნებით და შეუძლებელია, რომელიმე ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფს ეკუთვნოდეს!

ვერავინ ჩაახშობს ქართველი ხალხის ხმას, იმ მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ამიტომაც მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, განსაკუთრებით ევროპაში, ასევე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში, იქ მომუშავე უცხოელ იურისტებს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და კიდევ ერთხელ აუხსნან ოპოზიციურ პარტიებს, რომ ევროკომისიაში წერილების გაგზავნა, რაც ქვეყნის დასჯის სურვილითაა განმსჭვალული, ცდება ცივილურ პროტესტს და არ შეიძლება შეფასდეს რაციონალურ პოლიტიკურ ნაბიჯად.

გვახსოვს, არცთუ ისე შორეულ წარსულში მსგავსი ქმედება თავად ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღკვეთეს, გვახსოვს მათი გაოგნებაც იმ ფაქტით, რომ კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას თავად ქართველი პოლიტიკოსები ითხოვდნენ ევროპელებისგან.

დღეს ისევ ამ გზას დაადგა ხელმოცარული ქართული ოპოზიცია, რაზეც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეთ, რადგან ეს არაფერია, თუ არა მტრობა და შურისძიება საკუთარის
სამშობლოს და ხალხის წინააღმდეგ!!! ყველა თანხმდება, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომელთა გადაჭრის გზების ძიებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები უნდა დაგვეხმარონ. თუმცა, ფსევდო- პატრიოტული სულისკვეთებით დააზიანო შენი ქვეყანა და ამაში დახმარებას მეგობრებს სთხოვდე, ეს მხოლოდ სულმოკლე და გაბოროტებულ ადამიანებს შეუძლიათ…ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ირმა ჭკადუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები