არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე: ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა
„მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება – წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, მიმართავენ სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.
„მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება – წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, ამ ქვეყნის ინტერესების მომავლის წინაშე ბრალდებული ადამიანები მიმართავენ არაერთხელ, როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას ისევ და ისევ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყნის სახელი და ახლაც, სხვა არაფერი არ არის თუ არა ასეთივე მოღალატეობრივი და სერგო ორჯონიკიძისეული წერილი, რომლის შინაარსი აბსოლუტურად დაცლილი არის ყველანაირი ფაქტისგან და მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთი ნიუსი გაჩნდეს მათ ტელევიზიებში. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით მართული მარიონეტები არიან რეალურად იმ ძალების მიერ, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი გავლენა და განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ ახლა, სამწუხაროდ, ევროპაში“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება, დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.