სახალხო დამცველი: სიძულვილის ენა არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება გამოხატვის თავისუფლება
სამწუხაროდ, ადამიანთა რაღაც ვიწრო ჯგუფი იყენებს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩემზე, ან აპარატის თანამშრომლებზე და მათ გასაგონად ვთქვი, რომ ასეთი რამ არ გამოვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„მე დიდი ხანია, ასეთ რამეს შეჩვეული ვარ და ეს ჩემ განწყობებზე, თუ პოზიციონირებაზე ვერ იმოქმედებს. ამიტომ, ამას აზრი არ აქვს და თვითონ უფრო დაზიანდებიან ამით. საზოგადოებას თავიანთ თავს უფრო აცნობენ ამ ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენით, ვიდრე მე მაკლდება რამე. მე არაფერი არ მაკლდება“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, ის მზად არის ყველასთან საურთიერთოდ, ყველას სახალხო დამცველია და თუ მათ რამე პრობლემა აქვთ, მზად არის, ყველას მოუსმინოს.
აღნიშნული ლევან იოსელიანმა არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ 2017-2018 წლებში, როდესაც პირველი არხის თანამშრომლების მიმართ ძალიან მძიმე ბულინგი მიდიოდა, მათ სახალხო დამცველს მიმართეს, თუმცა სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და ამის უფლება საზოგადოებას ჰქონდა, რაზეც იოსელიანმა თქვა, რომ არ იცის, მაშინ რა იყო, თუმცა „სიძულვილის ენა არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება გამოხატვის თავისუფლება“.