გივი მიქანაძე: განწყობილი ვართ, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა, თავისი ჩართულობა და წვლილის შეტანა იმ პროცესებში, რაც ევროპის საბჭოს ღირებულებებთან არის დაკავშირებული
“განწყობილი ვართ, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა, თავისი ჩართულობა და წვლილის შეტანა იმ პროცესებში, რაც ევროპის საბჭოს ღირებულებებთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგში მომავალ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, სადაც „დიფ სთეითს“ ექნება მცდელობა, რომ საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ.
„საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ტრადიციულად არსებობს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა. საქართველო 26-ე წელიწადია ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროსაბჭოში ჩართულობა და მონაწილეობა, თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული, საერთაშორისო კონკრეტული თანამდებობის პირების, თუ პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი პოლიტიკოსების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, რომელიც სამწუხაროდ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა. განსაკუთრებით, ამას ჰქონდა უპრეცედენტო მოცემულობა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა, ტრამპმა სპეციალური განკარგულებაც კი გამოსცა „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, „დიფ სთეითს“ აქვს სერიოზული გავლენები, თავისი საცეცები ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში წარმომადგენლების მეშვეობით. ამიტომ, მომავალ კვირას, როდესაც სტრასბურგში გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, იმის მცდელობა იქნება, რომ საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. თუმცა ამის პარალელურად მნიშვნელოვანია საზოგადოებას კიდევ ერთი ფაქტორი შევახსენოთ. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები უმნიშვნელოვანესია, გახსოვთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ღია, საჯარო წერილით მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ არ ცნონ ახალი ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ეს არის იმის ანალოგი, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2017-2018 წლებში ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიეცათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გაგრძელებაა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022-2023 წლებში, როდესაც ყველანაირად ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი.
ჩვენ ვართ განწყობილი, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, არამედ თავისი ჩართულობა და წვლილის შეტანა იმ პროცესებში, რაც ევროპის საბჭოს ღირებულებებთან არის დაკავშირებული. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ფაქტია, რომ „დიფ სთეითისთვის“ მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა, ის ყველა მიმართულებით ცდილობს, თავისი შესაძლებლობები, სადაც კი დარჩენია გაააქტიუროს. იმავდროულად ვხედავთ, რომ მათი მონა-მორჩილი რადიკალები ჩვენს ქვეყანაში კვლავაც აგრძელებენ იმ დღის წესრიგს, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.