ნანა კაკაბაძე: ქართველი ნეო-ლიბერალი ფაშისტების მიზანია რაც შეიძლება ღრმად შეუძვრნენ ამერიკის ახალ პრეზიდენტს, თუმცა, გამოჩნდა მათი ერთ-ერთი გურუ გია ნოდია, რომელმაც სცადა ცოტა განსხვავებულად შეეფასებინა საძულველი ტრამპის სიტყვა

„მოკლედ, ახლა ქართველი ნეო-ლიბერალი ფაშისტების მიზანია რაც შეიძლება ღრმად შეუძვრნენ ამერიკის ახალ პრეზიდენტს, თუმცა, მათ შორისაც გამოჩნდა ერთი ადამიანი, მათი ერთ-ერთი გურუ გია ნოდია, რომელმაც სცადა ცოტა განსხვავებულად შეეფასებინა ნეო-ლიბერალების საძულველი ტრამპის სიტყვა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე წერს.

მისი აზრით, ოპოზიცია ცდილობს ტრამპზე მეტ ტრამპისტად წარმოაჩინოს თავი.

„პირველი შთაბეჭდილებები ტრამპის ინაუგურაციიდან.

დღეს ქართული ოპოზიცია ცდილობს ტრამპზე მეტ ტრამპისტად წარმოაჩინოს თავი, რათა ძალაში დარჩეს მათი იმ პროპაგანდის შინაარსი, რომელიც ასე ჟღერს: „ჩვენ და ამერიკას ვერ მოგვერევიან რუსები და ქოცები!“ მართალია, ინაუგურაციაზე წარმოთქმულმა ტრამპის სიტყვამ ოპოზიციის მიერ რუდუნებით შექმნილ-გაპიარებული ეს ფორმულა პრაქტიკულად დაანგრია, მაგრამ ნაცები და მათი ანასხლეტები ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ.

ნირწამხდარმა ნეოლიბერალმა ფაშისტებმა ტრამპის მიერ ხაზგასმულ მხოლოდ ორი სქესის არსებობასთან დაკავშირებით საერთოდ პირში წყალი ჩაიგუბეს და ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვებს აბდა-უბდად და სასაცილოდ პასუხობენ. მათ თვალი დახუჭეს იმის შეფასებაზეც, რომ ტრამპი აპირებს სხვა ქვეყნების თავისი ქვეყნისთვის უცერემონიოდ მიერთებას. ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ერთი სიტყვითაც კი არ ახსენებს უკრაინას და უფრო მეტიც, საერთოდ უგულებელყოფს დასავლეთში მყარად დამკვიდრებულ პარადიგმას – „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. ტრამპი პირდაპირ აცხადებს, რომ უკრაინის ომის პრობლემას ის და პუტინი გადაწყვეტენ. ასევე „ვერ ხედავენ“, რომ ტრამპი აპირებს ერთი ხელის მოსმით შეცვალოს 3 წლის მანძილზე დასავლეთის მიერ, დაჟინებით შექმნილი სასანქციო პოლიტიკა რუსეთის მიმართ და უპირატესობას რუსეთის მიმართ ე.წ. სატარიფო პოლიტიკას ანიჭებს.

ჩვენი ოპო-ლიბერალები, სიხარულით აღნიშნავენ: „ნახეთ, საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ არ მიუწვევიათ ინაუგურაციაზეო,“ ისინი საერთოდ ვერ ხედავენ, რომ იქ არც ინგლისიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ევროპული სახელმწიფოებიდან არ იყვნენ მიწვეულები. ერთადერთი ევროპელი ლიდერი იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი იყო, თუმცა, იმდენად უმნიშვნელო ფუნქცია ჰქონდა, რომ როგორც ერთ-ერთმა მწარე ენის მქონე ჟურნალისტმა იხუმრა, მელონიზე მეტად მელანიას შლაპა იყო ყურადღების ცენტრშიო.

ჩვენი „პრინციპული“ ლიბერალები იმის შეფასებასაც გვერდს უვლიან, რომ ლიბერალური „ღია კარის“ სასაზღვრო პოლიტიკის შეცვლას ტრამპი ფაქტობრივად საზღვრის ჩაკეტვით და ნარკომოვაჭრეების ტერორისტებთან გათანაბრებით აპირებს, ხოლო ტრამპის სიტყვები, რომ არადემოკრატიული ამერიკა მისი მმართველობის დროს დემოკრატიული გახდება, როგორც მინიმუმ, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს იმაზე, თუ როგორ შეიძლება არადემოკრატიული სახელმწიფო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობდეს?

ისიც, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ნაც-ოპოზიციის ძალისხმევით საქართველოს ხელისუფლებას პრო-რუსულს უწოდებს და წამდაუწუმ „რუსული-რუსულის“ იმეორებს ყველა ბრუნვაში, უკვე მოსაბეზრებელი უაზრობა გახდა, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ მარაზმატიკს, სენატორ ჯო უილიამსს, სხვას თავში არავის მოსვლია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრო-ჩინური, პრო-ირანული და პრო-ჩხრდილოკორეული დიქტატურა ეწოდებინოს. თუმცა, ქართველი ოპოზიციონერები ამით ხარობენ და ჰგონიათ, ნორმალური ადამიანი სადმე დაიჯერებს, რომ საშინელი დიქტატურის პირობებში შეიძლება ყოველდღე თავისუფლად ტარდებოდეს საპროტესტო აქციები, 40-ზე მეტი ოპოზიციური სატელევიზიო მედია არსებობდეს, იმ საჯარო მოხელეების საპროტესტო მარშები იმართებოდეს რომლებსაც თურმე დაშინებით მიაცემინეს ხმები ხელისუფლებისთვის და ა.შ.

მოკლედ, ახლა ქართველი ნეო-ლიბერალი ფაშისტების მიზანია რაც შეიძლება ღრმად შეუძვრნენ ამერიკის ახალ პრეზიდენტს, თუმცა, მათ შორისაც გამოჩნდა ერთი ადამიანი, მათი ერთ-ერთი გურუ გია ნოდია, რომელმაც სცადა ცოტა განსხვავებულად შეეფასებინა ნეო-ლიბერალების საძულველი ტრამპის სიტყვა. აი, რას წერს სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი გია ნოდია:

„ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა. მუდმივი გამეორება, რომ აქამდე იყო უკუნი და ახლა მოდის სინათლე, თავისუფლება და ოქროს ხანა, პოლიტიკური გემოვნებაა და ფაქტობრივად არასწორია (ამერიკა აქამდეც საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, სხვა ქვეყნებთან შედარებით). არც საკუთარ თავზე, როგორც მარტვილზე და ღმერთისგან გამოგზავნილ მხსნელზე ლაპარაკია საუკეთესო სტილი“. სასაცილო ის არის, რომ როცა თავისი ბელადი სააკაშვილი სწორედ ბნელისა და უკუნის გამნათებელს უწოდებდა თავის თავს, მაშინ ბ-ნი ნოდია ძალიანაც იწონებდა ამას. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გია ნოდიას ბოლოს მაინც ჰქონდა ტრამპთან „შეტენვის“ თავისებური მცდელობა, როდესაც დაასკვნა: „მთლიანობაში, რიტორიკულ გადაჭარბებებს თუ არ ჩავთვლით, კონკრეტული პროგრამული დაპირებების უმრავლესობა ცუდი სულაც არ ყოფილაო’’.

თუმცა, ჩვენი შინაური ჯაშუშებისაგან რა გასაკვირია, როდესაც მსოფლიოში მოქმედი ლიბერალ-ფაშისტები ცდილობენ ფეხი აუწყონ რეალობას და გადაბარგდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ბანაკში. ყველა შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას არა აქვს მოდუნების და დამშვიდების უფლება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ნაცფაშისტების წინააღმდეგ, რომლებიც ზოგი გაშიფრულად და ზოგიც ჯერ კიდევ ფარულად არიან ხელისუფლებაში და ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მათი მხილება და მათი ჩამოშორება პოლიტიკიდან არის როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო დემოკრატიული (განსაკუთრებით ტრამპის ამერიკის) ძალების ინტერესებში“, – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები