თენგიზ შარმანაშვილი: ტრამპს კარგად ესმის რა არის ამერიკის ეროვნული ინტერესები – მისთვის ადვილი გასაგები იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და დარწმუნებული ვარ, აქაც ბევრ საერთო ენას გამოვნახავთ

„პირველი, რაც ტრამპის შეხედულებებსა და ჩვენს შორის არის თანხვედრა, ეს არის მშვიდობასთან ჩვენი დამოკიდებულება. გახსოვთ, რომ ოპოზიცია გვამუნათებდა და ირონიულად მოიხსენიებდა ყველა იმ საშიშროებას, რომელიც საქართველოს გარშემო ტრიალებდა და არარად დაგიდებდათ უკრაინის პარალელურად გლობალურ კონფლიქტში ჩაბმას და ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემა და არაფერს ნიშნავს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა

ის ფიქრობს, რომ სიტუაციის დალაგება სრულფასოვნად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, როდესაც უკრაინის ომი დამთავრდება.

“ტრამპმა პირდაპირ დაადანაშაულა, რომ ეს კონფლიქტი გაღვივდა წინა ადმინისტრაციის ხელშეწყობით და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ე.წ. დიფ სთეითმა და იმ ძალებმა, რომლებიც მათ უკან დგანან. ჩვენც ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ ამ სიტუაციის დალაგება სრულფასოვნად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, როდესაც უკრაინაში ომი დამთავრდება და იმის მსურველები, რომ საქართველო ჩაითრიონ ამ გლობალურ, საომარ სიტუაციაში, ამის ინტერესი ამ ძალებს აღარ ექნებათ.

მეორე, რაც ტრამპმა განაცხადა: ურთიერთობები უნდა დაუბრუნდეს ბუნებრივ მდგომარეობას. არაბუნებრივია, როდესაც თითქმის ასამდე გენდერის თაობაზე მიმდინარეობდა პროპაგანდა, როდესაც არასრულწლოვნებს ხელს უწყობდნენ სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთებაში და ამის რეკლამირება ხდებოდა. ამ საკითხთან მიმართებითაც ჩვენ ერთნაირი წარმოდგენები გვაქვს.

მესამე, ის რომ ტრამპს ძალიან კარგად ესმის რა არის ამერიკის ეროვნული ინტერესები. ეს ეროვნული ინტერესები ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. მისთვის (ტრამპი) ადვილი გასაგები იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, აქაც ბევრ საერთო ენას გამოვნახავთ.

ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, სადაც ჩვენი ინტერესები გადაიკვეთება და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენს ურთიერთობებში დადებითი შედეგი ექნება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები