დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის წინ პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე არალეგალური ემიგრანტების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებს. საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში ნებართვის გარეშე მცხოვრები მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის რეიდები შეიძლება დაიწყოს სამშაბათს, თეთრ სახლში ტრამპის ოფიციალური დაბრუნების მეორე დღეს.
„ხვალ, მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც მექსიკის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის არსებული 300 მეტრიანი მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა აღმოჩენილი, დაილუქება.