„ძილის ავადმყოფობა“ – იდუმალებით მოცული ეპიდემიის ისტორია
1917-1927 წლებში გავრცელდა „ძილის ავადმყოფობის“ ეპიდემია, რომელმაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. ეს ეპიდემია მეცნიერებისთვის ნამდვილ საიდუმლოდ იქცა, რადგან ამ დაავადების განკურნების გზა ჯერ კიდევ არ არსებობს.
მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი სავსე იყო ომითა და ეპიდემიებით. ამ ფონზე, კაცობრიობას ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად, სხვა დაავადება – „ძილის ავადმყოფობა“ ან, მეცნიერულად, ლეთარგიული ენცეფალიტი შემოეპარა. ახალი დაავადება პირველად 1917 წელს აღწერა ვენელმა პროფესორმა, ეკონომმა. მისი ჩანაწერების თანახმად, ეპიდემია 1915 წელს დაიწყო ვერდენის მახლობლად, შემდეგ გადავიდა ავსტრიაში, იქიდან კი, დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.
დაავადება გაგრძელდა 1927 წლამდე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის გაქრა არა ექიმების ძალისხმევით, არამედ თავისთავად – ისეთივე იდუმალებით და მოულოდნელად, როგორც გამოჩნდა.
როგორც დაავადების სახელწოდება გვეუბნება, მთავარი სიმპტომი იყო პაციენტის მომატებული ძილიანობა: ადამიანებს 2-3 კვირის განმავლობაში ძილი შეეძლოთ. ისინი იძინებდნენ ჭამის დროს, ან, საერთოდაც, მოგზაურობის დროს. თანაც, ეს არ იყო ერთადერთი პრობლემა, რომელიც მათ აწუხებდათ. ადამიანებს ჰქონდათ საშინელი ჰალუცინაციები, კუნთების დამბლა, ღებინება და ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მწვავე სტადიას ახასიათებდა მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და სახის გამომეტყველების დარღვევაც.
მძიმე შემთხვევებში აღინიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა დარღვევები, სუნთქვის სიხშირისა და რიტმის დარღვევა, სასუნთქი კუნთების უნებლიე შეკუმშვა და კომა. დაავადების მწვავე სტადია შეიძლება დასრულებულიყო სრული გამოჯანმრთელებით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ის ქრონიკულ სტადიაში გადაიზრდებოდა.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი მწვავე ფაზაში მერყეობდა 20%-დან 40%-მდე. ადამიანები, ძირითადად, სუნთქვის უკმარისობის გამო იღუპებოდნენ, მაგრამ სიკვდილის მთავარი მიზეზი მაინც „ძილის დაავადება“ გახლდათ.
მრავალი კვლევის ჩატარების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლეთარგიული ენცეფალიტის ინფექციის წყარო ადამიანია. ინფიცირება ფიზიკური კონტაქტის ან აირწვეთოვანი გზით გადადიოდა. ამ დაავადების შესახებ მეტი არაფერია ცნობილი. ვინ გაავრცელა დაავადება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ, ჯერჯერობით უცნობია.
ითვლება, რომ ადოლფ ჰიტლერიც „ძილის ავადმყოფობის“ მსხვერპლი გახდა. 1934 წელს მას დაუსვეს პარკინსონიზმის დიაგნოზი, ლეთარგიული ენცეფალიტის ქრონიკული სტადიის ერთ-ერთი სიმპტომი.
ახალ ისტორიაში აღირიცხება დაავადების ცალკეული შემთხვევები. 1987 წელს ლეთარგიულმა ენცეფალიტმა დააზარალა ოთხი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 2013 წლიდან ყაზახეთის სოფლებში, კალაჩისა და კრასნოგორსკში დიაგნოზირებულია „გაურკვეველი წარმოშობის ენცეფალოპათია“ – ადამიანებს ზედიზედ 6-7 დღე ეძინათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის გადასახლება გადაწყვიტა. ფაქტია, რომ 1960-1990-იან წლებში დასახლებების ტერიტორიაზე ურანის მადანი მოიპოვებოდა. ექსპერტებმა ახალი „ძილის ავადმყოფობის“ მიზეზად ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ჟანგბადის დაბალი და ნახშირორჟანგის გაზრდილი შემცველობის ჰაერის შესუნთქვა დაასახელეს. 2016 წლის შემდეგ დაავადების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.