მაკა ბოჭორიშვილი: შესაძლოა საქართველო არ არის იმ ზომის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე ან შეიძლება იყოს გლობალური პოლიტიკის ცენტრში, თუმცა რა რეგიონშიც ვართ, აქვს განსაკუთრებული როლი
“ნამდვილად საინტერესოა, თვალყური ვადევნოთ გლობალურად მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა, საქართველო არ არის იმ ზომის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე ან პირდაპირ შეიძლება იყოს გლობალური პოლიტიკის ცენტრში, თუმცა საქართველოს იმ რეგიონში, რა რეგიონშიც ჩვენ ვართ, აქვს განსაკუთრებული როლი”, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამიტომაც, მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ჩვენი ინტერესების დაცვა რეგიონში.
„ჩვენი პოზიციონირება მეზობელ ქვეყნებთან, თანამშრომლობა მათთან და შემდგომ უკვე რეგიონულ კონტექსტში ჩვენი ქვეყნის როლი გლობალურ პროცესებში როგორ შეიძლება დავინახოთ.
რა თქმა უნდა, ყველა ელის მომავალ კვირას, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი შევა ოვალურ ოფისში და დაიწყებს ოფიციალურად უკვე ამერიკის პრეზიდენტის როლში ფუნქციონირებას და საქმიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, უკვე არსებულ მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა გზავნილები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან გლობალურ სცენაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება და უკვე ამ კონტექსტში ამ ყველაფერმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენს რეგიონზე და კონკრეტულად, საქართველოზე.
ამას სჭირდება ძალიან ახლოდან დაკვირვება. ძალიან ყურადღებით თვალყურის დევნება და რა თქმა უნდა, ჩვენი როლის და ჩვენი ნაბიჯების სწორად დაგეგმვა, გადადგმა იმისთვის, რომ საქართველოს როლი, პირველ რიგში, რეგიონულ კონტექსტში, იყოს სწორად წარმოჩენილი და რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, გლობალურ სცენაზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველომ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა.
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, თუმცა წინასწარ პროგნოზების გაკეთება დღეს შეუძლებელია, თუ როგორი იქნება გლობალური მოვლენების განვითარება თუნდაც ერთი, ან ორი თვის შემდგომ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით და ვადევნებთ თვალს, მაგრამ საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი ინტერესები და ამ გამოკვეთილი ინტერესების შესრულებას სჭირდება სწორი მომენტების სწორად გამოყენება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, თუკი ასეთი მომენტები გაჩნდება ჩვენს წინაშე, სწორად გამოვიყენოთ ეს მომენტები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.