მაკა ბოჭორიშვილი: მტკიცედ გავაჟღერეთ, რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ამ პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას

“ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ გავაჟღერეთ, რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთმანეთის დამოუკიდებლობას და სწორედ ამ პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით ვაგრძელებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „გამოწვევები არის დიდი“. ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას.

„დიდი გამოწვევები მომდინარეობს სწორედ გლობალური ცვლილებებიდან თუ პროცესებიდან, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს რეგიონზე და გავლენას ახდენს. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყანამ შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრულად შენარჩუნება და დაცვა. ეს არის ალბათ, ის, რაც საერთო გამოწვევა, რომელიც ორივე ქვეყანას აქვს და რომლისთვისაც ორივე ქვეყანა ძალიან ინტენსიურად იბრძვის, დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი, საკუთარი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა, რაც შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ ამ ორი ქვეყნის ფუნქციის განსახორციელებლად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პოზიციონირებაზე რეგიონში, თუნდაც, შუა დერეფანზე და თუნდაც, გეოპოლიტიკურ პროცესებზე.

აქედან გამომდინარე, ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, დამოუკიდებლობის დაცვას. ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ გავაჟღერეთ, რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთმანეთის დამოუკიდებლობას და სწორედ ამ პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით ვაგრძელებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისკენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები