“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი განხორციელებულიყო მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ დავიწყეთ ტური აზერბაიჯანიდან”, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანში უმაღლეს დონეზე.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები. ეს მეგობრული ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებზე, მეგობრობაზე. ის საერთო ინტერესები, რაც ორ ქვეყანას აქვს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მიმართული რეგიონის კეთილდღეობისკენ და რეგიონის როლის უკეთ წარმოჩენისკენ იმისთვის, რომ ორივე ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ინტერესების სათანადოდ წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი განხორციელებულიყო მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ დავიწყეთ ტური აზერბაიჯანიდან და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანში უმაღლეს დონეზე.
ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც რეალურად ჩვენ ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რაც ორ ქვეყანას შორის არის და რა თქმა უნდა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე რეგიონულ ჭრილში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში თუ როგორ წარმოჩინდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და რა როლს შეასრულებს უფრო ფართო რეგიონისთვის.
ამ ყველაფრისთვის, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ ბაქოში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. ყველამ ვიცით, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს არის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენი რეგიონისთვის. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით და მისასალმებელია ის, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები მუშაობენ იმისათვის, რათა მდგრად მშვიდობას მივაღწიოთ ჩვენს რეგიონში და გვქონდეს შესაძლებლობა უკვე განვიხილოთ ერთგვარად სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება. რა თქმა უნდა, საქართველოს როლი აქ უნდა იყოს გამოკვეთილი. ჩვენი მხრიდან აზერბაიჯანს, ისევე, როგორც სომხეთს, ორივე მეზობელ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვთ ჩვენი პარტნიორობა, სანდო პარტნიორის როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
გულწრფელი სურვილი, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ეს აქვს საქართველოს ნამდვილად და ჩვენ გვსურს, რომ სწორედ ამ გულწრფელ სურვილზე დაფუძნებით, თუკი შეგვიძლია გარკვეული როლი შევასრულოთ რეგიონში, რა თქმა უნდა, ეს როლი საქართველომ უნდა შეასრულოს და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუკი ჩვენ შევძლებთ ნელ-ნელა დავიწყოთ საუბარი და ნაბიჯების გადადგმა სამივე ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთობლივ ფორმატებში განხორციელებისთვის და სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ამას ვთავაზობთ ჩვენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რომ საქართველომ ეს როლი შეასრულოს და დაეხმაროს იმ პროცესს, რასაც ჰქვია უფრო სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.