ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ
“ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია ამ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ”, – ასე აფასებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას, რომლის მიზანიც საქართველოში როკ ბენდის Guns N’ Roses კონცერტის ჩაშლაა.
კონცერტი არ უნდა გაიმართოს – ამ შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს არის მათი სახე.
„ისინი ქვეყანაში ითხოვენ გაჩერდეს ეკონომიკა და დასაქმებულ ადამიანებს გარეთ ერეკებიან, ქუჩაში, რომ გამოდით ქუჩაში, რამენაირად ეკონომიკის დაზიანება გავხადოთ ჩვენი მოქმედების მთავარ არეალად, ვინაიდან სანამ ხალხში არსებობს ეკონომიკური წინსვლის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უწყვეტი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მათ მავნე პოლიტიკურ მიზნებს განხორციელება არ უწერიათ. ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანა მათი მხრიდან არის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თუ ქვეყნის, ზოგადად, წინსვლა მაქსიმალურად შეაფერხონ, რათა ამით საზოგადოება დაითრგუნოს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს, როკ მუსიკის ისტორიაში ლეგენდარული ბენდი, Guns N’ Roses 30 მაისს გახსნის.