სახალხო დამცველი: არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული
მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას. ამაზე მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ველოდებით განხილვას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის არ აპირებს სასამართლოს ფუნქციაში ჩარევასა და რაიმეს მითითებას, თუმცა, თვლის, რომ ამაღლობელის საქმეზე უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
„ქალბატონი მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. ამაზე მოვამზადეთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი დაკვირვებით შეისწავლოს მტკიცებულებები, რომლებიც წარუდგინა პროკურატურამ, რომელიც, ვთვლით, რომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პატიმრობა იქნას გამოყენებული მის მიმართ.
პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას. ამაზე მივმართეთ და ველოდებით განხილვას. საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული ჩვენი დოკუმენტი და ყურადღებით წაიკითხავს სასამართლო.
არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სასამართლოს ფუნქციაში და მივუთითო რამე, მაგრამ როგორც სახალხო დამცველი, ვთვლი, რომ უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია პიროვნების გათვალისწინებით, დანაშაულის გათვალისწინებით. ამ დანაშაულზეც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე დარტყმას, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი – რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ეს ადამიანი აღელვებული, რაც იყო და როგორც იყო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ არის აუცილებლობა, რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.