გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილი აგრძელებს კლოუნადას, ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ალბათ რაღაც თანხას გადაიხდიდა

“ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად სალომე ზურაბიშვილი ალბათ რაღაც თანხას გადაიხდიდა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ზურაბიშვილი კლოუნადას აგრძელებს.

„როგორც წესი, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას არ ესწრებიან მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები. ტრამპმა ვინც დაპატიჟა, ეს არის სი ძინპინი და ევროპიდან, იტალიისა და უნგრეთის პრემიერები. ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩავლენ თუ არ ჩავლენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სახელმწიფოს პირველი პირები არ ჩადიან.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, კლოუნადას აგრძელებს. სხვათა შორის, სააკაშვილიც იყო ტრამპის ინაუგურაციაზე, ბუჩქებთან იდგა და ტელეფონში რაღაცებს ათვალიერებდა. ალბათ ზურაბიშვილიც სადღაც რაღაც თანხას გადაიხდიდა. ვიცით, რომ გადასახდელია თანხა, თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან, მის მიღმა ან ბუჩქთან ახლოს დადგე, ფასები ამის მიხედვით მერყეობს. სად უყიდეს ზურაბიშვილს ეს ბილეთი, ამას ვნახავთ ან არც ვნახავთ, არც არის საინტერესო. აქ საინტერესო და მთავარი არის ის, რომელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სურს ზურაბიშვილს დასწრება. იმ ამერიკის პრეზიდენტის ხომ არა, რომელიც მის პოლიტიკას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება? ზურაბიშვილს ლგბტ დროშა უჭირავს და ტრამპი ამბობს, რომ ლგბტ უნდა დავასრულოო; ზურაბიშვილი ამბობს, კარგია, რომ ომი არის უკრაინაშიო და ტრამპი ამბობს, ომი უნდა დავასრულოო; ზურაბიშვილი ამბობს, ჩვენ უნდა დავემონოთ, პარტნიორული ურთიერთობა არ გვინდა, ვასალური გვინდაო და ტრამპი ამბობს, რომ პარტნიორული ურთიერთობებია საჭირო. ეს როგორ არის? სწრაფად უღალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ჩაიჭერით, ქალბატონო სალომე, აქაც არასწორ ადგილზე აღმოჩნდით. მართალია, ბუჩქთან იქნება, მაგრამ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს და არც ადრე წარმოადგენდა რამეს. ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიმბოლოა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, იგივე ეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს.

„სად მიდიან, გასცენ პასუხი საკუთარ ამომრჩეველს. ისინიც ხომ იმ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არიან, ვინც ტრამპს აგინებდა და ამბობდნენ, რომ ტრამპი რუსეთუმე ყოფილა, თურმე ამერიკის სირცხვილი და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმავალი პოლიტიკოსია. ახალა ტრამპის ინაუგურაციაზე ჩადიან. ისინი თუ ტრამპის და მისი მომავალი სახელმწიფო მდივნის პოლიტიკას ემხრობიან, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთს სანქციები უნდა მოვუხსნათო და სანქციები თუ არ მოვუხსენით, ისე უკრაინაში ომს ვერ დავასრულებთო, რომელიც ამბობს, რომ ტრანსგენდერი და ლგბტ პროპაგანდა სიგიჟეა, რასაც მხარს უჭერს ხაზარაძე-ჯაფარიძე. ისინი უკრაინაში ომის გაგრძელებას მხარს უჭერენ და სად მიდის ეს ხალხი, ვინმემ კითხვა დაუსვას. რას ეუბნებიან მათ მამა-მარჩენალს, ჯერ კიდევ ორი დღე რომ დარჩენია, ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენს და მის პატრონებს? ბაიდენს ასე უცბად უღალატეს? ჩამოყალიბდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ბოლოს და ბოლოს, რომელ პრეზიდენტს ემხრობიან, ტრამპს თუ ბაიდენს? ხაზარაძე, ჯაფარიძე, ზურაბიშვილი რომ მიდიან, ლგბტ დროშით მიდიან და აბა, იქ, ტრამპის ინაუგურაციაზე ააფრიალონ ლგბტ დროშა, ჩვენ ხომ გვიფრიალებდნენ. თუკი ამას გაბედავენ, შემდეგ იმ დროშას თავის ადგილს მიუჩენენ. ეს ხალხი იქ ბუჩქებთან ჩავა თუ ათას, თუ ორი ათას დოლარიან ბილეთებს იყიდიან, სადღაც რომელიმე ხის ძირში, ეს უმნიშვნელოა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები