ვლადიმერ ბოჟაძე – მსოფლიო ბანკის შეფასებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ
“მსოფლიო ბანკის შეფასებები, რომლებიც ეყრდნობა ციფრებს, რეალურ მონაცემებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესს პრობლემა არ შეექმნას და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაგრძელდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიშებსა და პროგნოზებზე.
„საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება. საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5,4%-ით გაიზრდება. ანგარიშის თანახმად, საქართველო ინფლაციის დაბალ ტემპს ინარჩუნებს, რომელიც 2025 წელს 2,3%-ს გაუტოლდება, 2026 წელს კი ინფლაცია 1,9%-მდე შემცირდება. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, საქართველომ განაგრძო ძლიერი გაფართოება, რასაც ხელს უწყობს მშენებლობის, საშუამავლო ვაჭრობის და საერთაშორისო ტურიზმის მუდმივი ზრდა. მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს ცხრა პროცენტით, 2025 წელს ექვსი პროცენტით, 2026 წელს – ხუთი პროცენტით იზრდება”.
ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება.
„პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკის განვითარებას – შევამციროთ უმუშევრობა, სიღარიბე და გავზარდოთ შემოსავლები. როგორც ჩანს, საქართველოს საშინაო თუ საგარეო მტრების მთავარი ამოცანა, მათ შორის ეკონომიკური წინსვლის შეფერხებაა. იგივეა გაფიცვები, როცა კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ბიზნესები ერთგვარად გაიფიცნენ, თითქოს რაღაც სერიოზული პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს ახლა ან მომავალში, რაც სრულიად წარმოუდგენელია. ყველაფერი ეს მიმართულია, მათ შორის ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობისკენ, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ და ვერ დავუშვებთ. ბიზნესს არანაირი პრობლემა არ აქვს. მათ შორის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ბიზნესის წარმომადგენლებს. მუშაობს ბიზნესომბუდსმენი და პარლამენტიც მზად ვართ, რამე საკანონმდებლო ინიციატივები თუ შეიძლება, რომ იყოს. რაც შეეხება მსოფლიო ბანკის შეფასებებს, ეს ხომ ჩვენი შეფასებები არ არის, მსოფლიო ბანკის შეფასებებია, რომლებიც ეყრდნობა ციფრებს, რეალურ მონაცემებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ. ეს მომავალშიც გაგრძელდება. კარგი პროგნოზებია, მათ შორის 2025 წელთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ 2025 წელი ორნიშნა ეკონომიკური წარმატებით დასრულდება. ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, რომ პოლიტიკური კრიზისის გარდა, ეკონომიკური კრიზისი შექმნან, დააზიანონ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ამას ჩვენ არ და ვერ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესს პრობლემა არ შეექმნას, გაგრძელდეს ის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული წელი იქნება, ვიდრე 2024 წელი იყო“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.