ვალენტინ შერპილოვის და მისი მოსწავლეების გამოფენა გაიხსნება
15 იანვარს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ვალენტინ შერპილოვისა და მისი მოსწავლეების – ედმონდ კალანდაძის, ჯიბსონ ხუნდაძის, ჟანი მეძმარიაშვილისა და ზურაბ ნიჟარაძის გამოფენა გაიხსნება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვალენტინ შერპილოვის 11 ფერწერული ტილო და მისი მოსწავლეების – ედმონდ კალანდაძის, ჯიბსონ ხუნდაძის, ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილის, ზურაბ ნიჟარაძის 28 ფერწერული ნამუშევარი სემ/ხელოვნების მუზეუმის და სემ/ეროვნული გალერეის ფონდებიდან.
ვალენტინ შერპილოვი (1911-1974) თავდაპირველად (1932-1938 წწ.) სწავლობდა ქანდაკებას თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, დავით კაკაბაძის რჩევით, ფერწერის კათედრაზე გადავიდა და სწავლა მასთანვე გააგრძელა. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსე თოიძის ასისტენტად ფერწერის კათედრაზე. 1930-იანი წლების მიწურულს ახალგაზრდა პედაგოგი სტუდენტებს შორის ,,არასწორი იდეების” (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისთვის აკადემიიდან დაითხოვეს. 1938-1974 წლებში ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. ადრეული პერიოდიდანვე ხატავდა ჟანრულ კომპოზიციებს, პორტრეტებს, თბილისის ყოფის ამსახველ სცენებს. მის შემოქმედებას ახასიათებს ფერის გამომსახველობა, თავისუფალი წერის მანერა. ვ. შერპილოვი უტყუარი „სმენის” კოლორისტია, რომელსაც შესწევს უნარი, საკუთარი ხილვები და შეგრძნებები ფერის ურთულეს ენაზე გადაიტანოს. სწორედ ამიტომ ეთმობა მის ფერწერაში განსაკუთრებული ყურადღება ფერის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. 1960-იან წლებში ხელოვანი გაიტაცა ენკაუსტიკის ტექნიკამ.
ვალენტინ შერპილოვმა მხატვართა არაერთი თაობა აღზარდა.
„შემოქმედებისადმი უანგარო და ლამის თავგანწირვამდე მისული დამოკიდებულებით ის იწვევდა ახალგაზრდების აღფრთოვანებასა და სიყვარულს. რაც მთავარია, ის არა მარტო შემოქმედებით, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც ღირსებას ჰმატებდა მხატვრისა და პედაგოგის სახელს. ჩვენი თაობა ბევრადაა დავალებული ვალენტინ შერპილოვისაგან“, – წერდა მოგონებებში ჯიბსონ ხუნდაძე.
50-იანი წლების ქართულ მხატვრობაში მომხდარ ცვლილებებს სწორედ იმ მხატვართა ჯგუფს უკავშირებენ, რომელთა ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ვალენტინ შერპილოვმა, როგორც პედაგოგმა. იმ წლებში ახალგაზრდა მხატვრებისთვის ვ. შერპილოვის შემოქმედება სპეციფიკური ფერწერული ძიებების გაღრმავების საფუძველსაც იძლეოდა. ისიც საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა მხატვრებმა (ედმონდ კალანდაძემ, ჯიბსონ ხუნდაძემ, ჟანი მეძმარიაშვილმა, ზურაბ ნიჟარაძემ და სხვებმა) განსაზღვრეს თანამედროვე ქართული მხატვრობის სახე. ისინი მასწავლებლის ტილოებში, უპირველეს ყოვლისა, ფერის იმპრესიონისტულ სიმდიდრეს, კომპოზიციის უზადო ცოდნასა და ხატვის ოსტატობას აფასებდნენ. ფერმა, როგორც მთავარმა ემოციურმა საწყისმა, აქტიურად დაიმკვიდრა ადგილი სურათში, თამამად აჟღერდა მისი გამომსახველობითი ძალა, ხოლო გამომსახველობითი ენის გაღრმავებამ, თავის მხრივ, განაპირობა სურათების კამერულობა.
გამოფენა ორ თვეს გასტანს.