“დღეს ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ და მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობიდან”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს შეისწავლის.
მისივე თქმით, დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს.
„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან, თუმცა მაშინ ისეთი პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად გვაიძულეს კოჰაბიტაცია, გვაიძულეს რამდენიმე მინისტრის დანიშვნა და ა.შ. ვინაიდან ჩვენ პოლიტიკურად ისეთი ძლიერი და სუვერენული ქვეყანა არ ვიყავით, როგორიც დღეს ვართ. დღეს ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ და მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ მაინც ამ პროცესს აღვასრულებთ. ჩვენ ვალდებულები ვართ იმ ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე განიცადეს ის სისხლიანი რეჟიმი, რაც 9 წლის განმავლობაში მოქმედებდა, რომ დაუსჯელი არავინ არ დარჩეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.