ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინამ ორი მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დახმარების პაკეტი მიიღო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინამ ორი მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დახმარების პაკეტი მიიღო. ამის შესახებ მან იტალიაში ვიზიტისას განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით წარმატებული იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს და თავდაცვის მინისტრს 50-ზე მეტი ქვეყნიდან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე არ განუხილავთ რამშტაინის ფორმატის გაგრძელების საკითხი, რადგან ყველა მონაწილე თანხმდება, რომ მომდევნო შეხვედრა თებერვალში გაიმართება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პლატფორმა, სადაც ამ რაოდენობის ქვეყნები იკრიბებიან. აუცილებელია მისი სამუშაოს გაგრძელება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ შედეგად ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდების გარანტიები დაასახელა.
„გულწრფელად გეტყვით, რომ 19 სისტემა ვერ მივიღეთ, თუმცა გარანტირებული გვაქვს საკმაოდ სერიოზული რაოდენობის სისტემები. ახლა ვიმუშავებთ, რომ ეს სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს უკრაინაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რამშტაინის ფორმატი წარმოადგენს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების რეგულარულ შეხვედრებს, სადაც განიხილება სამხედრო დახმარების და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. ეს პლატფორმა თავდაპირველად 2022 წელს შეიქმნა.