ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. პარალელურად ხდება გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ინფორმირებაც.
ოლქის შერიფის განცხადებით, მძიმედ დაზარალებულ ბევრ ტერიტორიაზე მისვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.
ლოს-ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ცეცხლის დანთებაში ქალაქის ერთ-ერთ რაიონში. ლოს-ანჯელესის ოლქში ხანძარი მიმდინარე კვირას გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის ხანძარი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ხანძარია. გამოცემის ცნობით, აშშ-ის საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის შეფასებით, ხანძრის შედეგად ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია.