გელა ნიკოლაიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პირველი ნაბიჯი იმ წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ეხება
„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პირველი ნაბიჯი იმ წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ეხება, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ინიციატივა შეაფასა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების საკითხზე პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
„ამით ყველამ დავინახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პირველი ნაბიჯი იმ წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ეხებოდა. რა თქმა უნდა, ეს სწორი ნაბიჯია, იმ თვალსაზრისით, რომ თუ არ იქნება კომისია, თუ არ იქნება გამოძიება – შესაბამისი სამართალდამცველი სტრუქტურები არ გამოიძიებენ, შემდეგ პროკურატურა ბრალს არ წაუყენებს ვინმეს, ან კონკრეტულ პარტიას, ისე რაიმე სანქციების გატარება – იგულისხმება, პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული ნაბიჯები, ეს ისე, ერთი ხელის მოსმით და ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე, არ შეიძლება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, 2013 წლიდან არის საუბარი „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდის შეფასების შესახებ, თუმცა სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, ამ თემას გაგრძელება არ მოჰყოლია.
„2013 წლიდან ჩვენ იმთავითვე ვიყავით ამ იდეის მომხრეები. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე რამდენიმე პარტიად გაყოფილი და სხვადასხვა პარტიაში გადანაწილებული, ცდილობს, ისეთივე მავნებლური პოლიტიკა აწარმოოს, ოპოზიციაში, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწარმოებდა. მართალია, რეალურად მეტი გასაქანი არ აქვს და იმდენივე შესაძლებლობა, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, მაგრამ ის მიზანი, მაგალითად, დღეს რომ აქვთ, ჩამოიშალოს სახელმწიფო, მოხვდეს სრულ იზოლაციაში, ეკონომიკა ჩამოინგრეს, ლარის კურსი გაუარესდეს, მოსახლეობის ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა გაუარესდეს და ამ ყოველივეს მიზანი არის ის, რომ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს, ფაქტობრივად, რევოლუციური სიტუაცია შეიქმნას“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხვალ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც მმართველი პარტიის აღნიშნულ ინიციატივაზე ორგანიზაციის წევრები ისაუბრებენ.