ლევან მგალობლიშვილი: აფხაზეთის მთავრობამ ჩვენი სარეზერვო ფონდიდან გამოვყავით დახმარება, რათა შევუმსუბუქოთ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს ყოფითი პრობლემები და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ დახმარებას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა „დღის ქრონიკაში“ დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გარდაცვლილი ბავშვების დაკრძალვაზე მათი ნათესავები მისულიყვნენ.

„დღეს ენგურზე დიდი რაოდენობის ხალხი იმყოფებოდა. მინდა შესაბამის სტრუქტურებს მადლობა გადავუხადო, თითოეულ ამ პროცესში მონაწილეს, რადგან გავუმარტივეთ მოსახლეობას მიმოსვლა. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა. დაგვანახა ის, რომ ერთნი ვართ და გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს ჩვენ და ჩვენი აფხაზი და-ძმები. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მოვინახულე გარდაცვლილი ბავშვების ბებია. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი ფიზიკური. მან დღემდე არც იცის, რომ მისი ხუთი შვილიშვილი გარდაცვლილები არიან.

აფხაზეთის მთავრობამ ჩვენი სარეზერვო ფონდიდან გამოვყავით დახმარება, რათა შევუმსუბუქოთ ოჯახს ყოფითი პრობლემები და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ დახმარებას“, – აღნიშნა მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ტრაგედიის ირგვლივ პოლიტიკურ სპეკულაციებზეც ისაუბრა.

„სამწუხაროდ, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებას გვიჭირავს კურსი [აფხაზებთან] შერიგებისკენ, [ოპოზიციის მხრიდან] ასეთი განცხადებების გაკეთებას და ტრაგედიით სპეკულირებას ვიწრო ინტერესების გამო, კომენტარიც არ სჭირდება. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ არ ვსპეკულირებთ ტრაგედიებით და მოვუწოდებდი ჩვენს ოპოზიციას, აიღონ მაგალითი ჩვენგან. დღეს პრემიერის გადაწყვეტილებით გამოცხადდა გლოვა და ყველა უწყებაზე დაეშვა დროშა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, მთელ ქვეყანას. ეს ტრაგედია არა მხოლოდ ამ ოჯახის, მთელი ერის ტრაგედიაა“, – აღნიშნა მგალობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები