ნიკა რურუა: მარგველაშვილი “ხელის პრეზიდენტი” არ აღმოჩნდა

 „ზოგიერთებს არ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ პრეზიდენტი ნორმალური ფიგურაა. სწორედ ამიტომ არ გაუშვეს ის რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტზე“ – აღნიშნული განცხადება ყოფილი სამთავრობო გუნდის წარმომადგენელმა, კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუმ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი შეფასებით, მარგველაშვილი “ხელის პრეზიდენტი” არ აღმოჩნდა: „ის ცდილობს, როგორც თავად ამბობდა, არ გახდეს „პლასტელინის კაცუნა“. ეს ჯანსაღი ოპონირება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაგრძელდება და კარგიცაა ბალანსისა და ძალაუფლების გაყოფის პრეცედენტის დაფუძნებისთვის.“ რურუამ კონსტიტუციური სისტემის მოუწესრიგებლობაზეც ისაუბრა და პრობლემების ნაწილი სწორედ მას დაუკავშირა:
„ჩვენ ძალიან ცუდი კონსტიტუციური სისტემა გვაქვს. ძალაუფლების გაყოფა ინსტიტუციონალიზებული არ არის. არადა, ძალაუფლების დაყოფა იმისთვის არის მოგონილი, რომ სახელისუფლებო ტირანიისგან თავი დავიცვათ და რომელიმე შტომ ძალაუფლების უზურპაცია არ მოახდინოს. ამ ყველაფრის ნიშნები კი ჩვენს პიროვნულ დაპირისპირებაში გამოჩნდა.“
ყოფილი მინისტრის ვარაუდით, ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობა, სავარაუდოდ, დაძაბული დარჩება, რადგან მარგველაშვილი ბევრჯერ დაამცირეს:
„თუ მას მისცემენ თავისი სამუშაოს ღირსეულად ჩატარების საშუალებას, მარგველაშვილი არ არის კონფრონტაციული ტიპაჟი და არ მგონია, ვინმეს ჯიბრში ჩაუდგეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის იმდენჯერ დაამცირეს, დაძაბულობა გაგრძელდება“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები